დედოფლისწყაროელმა მეწარმემ რძის საწარმოში HACCP–ის სისტემის დანერგვის შედეგად სურსათის ეროვნული სააგენტოსგან უვადო აღიარება მოიპოვა

მეწარმე ამბობს, რომ გადავიდა ახალ საწარმოო სისტემაზე, რაც მათ მიერ წარმოებულ პროდუქციას ხარისხიანს და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოს გახდის.
ბესიკ თოფჩიშვილმა რძის პროდუქტების დამზადების და გაყიდვის ბიზნესი წლების წინ რამდენიმე ძროხით დაიწყო. ის რძეს ადგილობრივ ბაზარზე ყიდდა და მას შემდეგ რაც მწარმოებლებისგან რეალიზებული პროდუქციის თანხის აღების პრობლემა შეექმნა, საკუთარი საწარმო გახსნა და წარმოებულ პროდუქციას ,,დედოფლისწყაროს ნობათი“ დაარქვა. ფერმერი მიუთითებს, რომ პირველ ეტაპზე ფინანსური პრობლემები ჰქონდა, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაცია HEKS-EPER-ის პროექტის ,,MOLI კახეთში“ მხარდაჭერით ფინანსური და ტექნიკური პრობლემების მოგვარება მოახერხადა დანერგა სისტემა HACCP, რომელიც სურსათით გამოწვეული საფრთხეების დადგენასა და მათ პრევენციას ემსახურება.

პროექტი “MOLI კახეთში“ უკვე მეხუთე წელია ხორციელდება რეგიონში მეცხოველეობის განვითარების კუთხით, შვეიცარიის მთავრობის მხარდაჭერით.  პროექტის მიზანია მცირე ფერმერულ მეურნეობებს გაეზარდოთ შემოსავალი და განავითარონ ცხოვრების დონე, გაუმჯობესებული პროდუქციის, მომსახურების, ინფორმაციის, ბაზრის წვდომის და საარსებო გარემოს საშუალებით.

,,რძის გადამამუშავებელი საწარმოს გახსნა რომ გადავწყვიტე, პირველ რიგში ავაშენე სათანადო შენობა და შევიძინე დანადგარები. მალევე შემექმნა ფინანსური პრობლემები. მაშინ ჩემთან თანამშრომლობის და დახმარების სურვილი გამოთქვა პროექტმა ,,MOLI კახეთში“. მისი წარმომადგენლები დაგვეხმარნენ მომსახურე პერსონალის გადამზადებაში, ჩაგვიტარეს ტრენინგები და გაგვიწიეს ფინანსური დახმარება. აღნიშნული პროექტის ფარგლებში შევძელით თანადაფინანსებით ტექნიკის ყიდვა. შევიძინეთ რძის ვანები, მაგიდები, მაცივარი, პასტერიზატორი, სადისტრიბუციო მანქანა, ლაქტოსკანი ძის გასასინჯად და სხვა საჭირო ტექნიკა, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი და უვნებელი პროდუქციის წარმოებისთვის. მას შემდეგ რაც ახალი სტანდარტები დავნერგეთ წარმოებაში, თანამედროვე დანადგარები შევიძინეთ და HACCP–ის სტანდარტები დავაკმაყოფილეთ, ჩვენს პროდუქციაზე მოთხოვნა საგრძნობლად გაიზარდა. უფრო მეტი სუპერმარკეტიდან და მაღაზიიდან გვირეკავენ და ჩვენი პროდუქციის მათთან შეტანას გვთხოვენ’’, –ამბობს ბესიკ თოფჩიშვილი.
დედოფლისწყაროს რძის გადამამუშავებელ საწარმოში ფერმერებიდან მიღებული რძის მკაცრი ფიზიკური და ქიმიური კონტროლი მიმდინარეობს. როგორც საწარმოს ტექნოლოგი გულიკო მჭედლიძე აღნიშნავს, რძის პროდუქტების კონტროლი მიზნად ისახავს ხარისხიანი დაუვნებელი პროდუქციის წარმოებას.

მჭედლიძე, ასევე, სხვა სოფლებსა და მუნიციპალიტეტებში მსგავსი საწარმოების გახსნის და ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობაზე საუბრობს. საწარმოს ტექნოლოგი ფიქრობს, რომ ეს ხელსშეუწყობს დარგის განვითარებას და დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას.

,,ჩვენს საწარმოში ფერმებიდან მიღებული რძის ძალიან მკაცრი კონტროლი მიმდინარეობს. რძეს უკეთდება პასტერიზება, რაც საშუალებას გვაძლევს, ვაწარმოოთ უვნებელი და უსაფთხო პროდუქტი, რომელიც დღევანდელი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. ვაწარმოებთ სულგუნს, ნადუღს, კარაქს და რაც ყველაზე მთავარია დასაქმებული გვყავს ადგილობრივი კადრები. ის რომ სოფელში არსებობს ასეთი საწარმო, ეს მნიშვნელოვნად ეხმარება მოსახლეობასაც და ჩვენც, რომ ვაწარმოოთ ადგილობრივ ნედლეულზე დამზადებული მაღალი ხარისხის პროდუქტი’’,– აცხადებს გულიკო მჭედლიძე.

რძის გადამამუშავებელი საწარმოს ხელმძღვანელი კი პროდუქციის რეალიზების კუთხით დღეისთვის არსებულ პრობლემებზე ამახვილებს ყურადღებას. ბესიკ თოფჩიშვილი ირწმუნება, რომ სურსათის უვნებლობის მოთხოვნები მხოლოდ დარეგისტრირებულ მწარმოებლებზე ვრცელდება და არ კონტროლდება ქუჩაში გამოტანილი პროდუქტის ხარისხი, რაც ნაწარმის გაყიდვას გარკვეულ ბარიერებს უქმნის. მისი განმარტებით, ქუჩაში გაყიდული პროდუქცია, რომელიც სურსათის უვნებლობის სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, გაცილებით იაფია და შესაბამისად არარეგისტრირებულ მეწარმეებს ნაწარმის რეალიზაციაში კონკურენციას ვერ უწევს.
,,პროექტის ,,MOLI კახეთში“ დახმარებით შევძელით და მივაღწიეთ განვითარების გარკვეულ დონეს, მივიღეთ სურსათის უვნებლობის მხრივ უვადო აღიარება. მე ვიცი, რომ ეს საკმარისი არ არის და ბევრი რამ გვაქვს კიდევ გასაკეთებელი. ყველაზე დიდი პრობლემა არის, რომ სურსათის უსაფრთხოების მოთხოვნები ყველაზე თანაბრად არ ვრცელდება. ქალაქშიც და სოფლებშიც გზებზე იყიდება პროდუქტები, რომელიც ყოველგვარ კონტროლს და რეგულაციას მოკლებულია. ეს გვიქმნის პრობლემას იმაში, რომ ჩვენი პროდუქცია აღარ იყიდება, რადგან ქუჩაში გამოტანილი პროდუქცია გაცილებით იაფია. სურსათის უვნებლობის სამსახური რატომღაც არ აქცევს ყურადღებას ბაზრების მიმდებარე ტერიტორიებზე ვაჭრობას, რაც ძალიან ცუდია. ჩემი აზრით, ყველა პროდუქტმა უნდა დააკმაყოფილოს სურსათის უვნებლობის მოთხოვნები. რაც შეეხება HACCP–ის დანერგვას წარმოებაში, მიმაჩნია, რომ ეს აუცილებელია და სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ეს ძალიან ადვილი პროცესი არარის. თუ სახელმწიფო არ დაეხმარება რძის საწარმოებს, რომ გადავიდნენ ნამდვილად უვნებელი სურსათის წარმოებაზე, ბევრ მწარმოებელს გაუჭირდება. მეც ასეთ სიტუაციაში ვარ. 5 წელია, ვცდილობ სტანდარტები გავაუმჯობესო და ბოლომდე მაინც ვერ მივედი. თუ სახელმწიფომ რაიმე სახის დახმარება არ გაგვიწია, არაფერი გამოვა’’,– ამბობს ბესიკ თოფჩიშვილი.