ახალი ამბები

ხორცპროდუქტების ეტიკეტირება სავალდებულო იქნება

ახალი რეგულაციების თანახმად, ხორცს ბაზარზე განთავსებისათვის ფორმა ნომერი 2-სა და ვეტერინარის ბეჭდის გარდა, შესაბამისი ეტიკეტიც უნდა ახლდეს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ხორცის ეტიკეტირება მომხმარებლებს უხარისხო და მავნე პროდუქციის შეძენისაგან დაიცავს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ანა გემაზაშვილი განმარტავს, რომ მომზადებულია მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს ეტიკეტირების წესს. დადგენილება განსაზღვრავს საქონლის ხორცის ეტიკეტირების წესს და ამავე დროს, იძლევა საშუალებას დადგინდეს კავშირი ხორსა და ცოცხალ ცხოველს შორის, რომლისაგანც ეს ხორცია მიღებული.
„დადგენილებაში განსაზღვრულია, რომ დაკლულ ცხოველს მიენიჭოს საინდენტიფიკაციო ნიშანი. თუ სასაკლაოზე მოხდა ცხოველი, რომელსაც არ გააჩნია საყურე ნიშანი, ამ შემთხვევაში უკვე სასაკლაო ანიჭებს უნიკალურ ნომერს, რომლითაც შესაძლებელი იქნება განვახორციელოთ მიკვლევადობა. ასევე მითითებული უნდა იყოს სასაკლაოს აღიარების ნომერი. ეს კიდევ ერთხელ გვაძლევს საშუალებას, რომ გავაკონტროლოთ სურსათის ჯაჭვი დაწყებული ცოცხალი ცხოველიდან დამთავრებული სამომხმარებლო ბაზრამდე”-აცხადებს გემაზაშვილი.
მისი ინფორმაციით, ეს შეეხება ყველა სახის ცხოველის და ფრინველის ხორცს. კითხვაზე, გამოიწვევს თუ არა აღნიშნული რეგულაცია ხორცის და ხორცპროდუქტების გაძვირებას, გემაზაშვილი ამბობს, რომ ეს ხორცის საბოლოო ფასზე ნაკლებ სავარაუდოა რომ აისახოს.
„არა მგონია ეს აისახოს ხორცის საბოლოო ფასზე იმიტომ, რომ ერთგვარად ეს არის ბიზნეს ოპერატორის დაცვის მექანიზმიც, რომ მისი იმიჯი და ბაზარზე ნიშა დაცული იყოს. ეს მისი პროდუქტის ბაზარზე დამკვიდრების უნიკალური საშუალებაც იქნება” -აცხადებს გემაზაშვილი.