ახალი ამბები

სოფელ სამთაწყაროში წყალმომარაგება გაუმჯობესდა

როგორც დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის კომპონენტში ,,სიდას” მიერ 12 560 ლარის ფარგლებში და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის თანადაფინანსებით – 53 577 ლარით სოფელ სამთაწყაროს 14 უბანში მოხდა წყალგაყვანილობის სისტემის მშენებლობა, რის შედეგადაც სასმელი წყლის პრობლემა 635 ბენეფიციარს მოუგვარდა. 
მუნიციპალიტეტის გამგებლის, ნიკოლოზ ჯანიაშვილის თქმით, შემოსავლების გენერირების კომპონენტის ფარგლებში ასევე დაფინანსდა 13 პროექტი და 65 ბენეფიციარისთვის მოხდა მოტობლოკების, ვაზის ნერგების, საკონდიტრო წარმოებისს, სამკერვალო სალონისა და სილამაზის სალონისთვის აღჭურვილობის შეძენა.
,,ეს არის წინ გადადგმული ნაბიჯი. მადლობას ვუხდით ,,სიდას“ და მზაობას გამოვთქვამთ, რომ ვითანამშრომლოთ ნებისმიერ არასამთავრობო ორგანიზაციასთან“, – განაცხადა ნიკოლოზ ჯანიაშვილმა
სამთაწყაროში წყლის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა 2015 წელს გაფორმებული მემორანდუმით. პროექტს ,,მიგრაციის მართვის გაუმჯობესება ეკოემიგრანტების ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული შესაძლებლობების გაძლიერების გზით“, არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდა“ ადგილობრივი თვითმართველობის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით, პარტნიორ ორგანიზაციებთან – საგანმანათლებლო ინიციატივების ქართული ასოციაცია (სიქა) და რეგიონის განვითარების ცენტრთან (RDC) ერთად ახორციელებს.