საკონსტიტუციო უმრავლესობა – ავტორიტარიზმის საფრთხე, თუ ქვეყნის განვითარების წინაპირობა
კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას ინიციატივით, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა მიმართეს პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებს, თავიანთ ამომრჩევლებს არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციის მხარდაჭერისკენ მოუწოდონ. ისინი ირწმუნებიან, რომ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება მნიშვნელოვნად დააზიანებს დემოკრატიული პროცესს. კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელის ბაია პატარაიას აზრით, არსებობს საშიშროება, ქვეყანაში ერთპარტიული მმართველობა დამკვიდრდეს, მმართველმა ძალამ შეცვალოს კონსტიტუცია და დაანონსებული ცვლილებების მიხედვით დაარღვიოს სახელისუფლებო შტოებს შორის ძალთა ბალანსი. პატარაია ამ საფრთხის თავიდან ასაცილებლად ოპოზიციის მხადაჭერის აუცილებლობაზე ამახვილებს ყურადღებას.
„კარგად გვახსოვს, რა სავალალო შედეგები მოუტანა ქვეყანას 2008 წლის მოწვევის პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობის ერთი პარტიის ხელში აღმოჩენამ. ეს გამოწვევები კიდევ უფრო ძლიერდება მმართველი პარტიის მიერ უკვე დაანონსებული საკონსტიტუციო ცვლილებების ფონზე“, – აცხადებს პატარაია.
ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობა ერთი მხრივ, არის რეალური საფრთხე, მაგრამ მეორე მხრივ, ქვეყნის განვითარების შესაძლებლობა. ის “ოცნების” მიერ საკონსტიტუციო უმრავლეობის მოპოვებაზე დიდ საფრთხედ პარლამენტში “ნაცმოძრაობის” დიდი კვოტით შესვლას მიიჩნევს. გამზარია, ასევე, ეხმაურება პრეზიდენტისა და პოლიტიკური პარტიების მისამართით საზოგადოების ნაწილის მიმართვას, რაც ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერას გულისხმობს. ანალიტიკოსი მსგავს მოწოდებებს ამომრჩევლის ნებაზე ფსიქოლოგიურ ზეწოლად აფასებს და ირწმუნება, რომ ეს კამპნია ცალსახად ემსახურება არჩევნების მეორე ტურში გადასული საპარლამენტო ოპოზიციის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს.
“ჩემთვის ყველა შეკითხვა, უნდა წავიდეთ თუ არა “ქართული ოცნების” საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ, მთავრდება იქ, სადაც არჩევანის მეორე მხარეს დგას “ნაციონალური მოძრაობა”. მე ვიცი ყოფილი სახელისუფლებო პარტიის მმართველობის სავალალო გამოცდილება და მას არავითარ შემთხვევაში აღარ მივცემ ხმას. საკონსტიტუციო უმრავლესობა რა თქმა უნდა არის საფრთხე და მეორე მხრივ შესაძლებლობა ქვეყანა განვითარდეს. ამას დრო გვიჩვენებს. რაც შეეხება საზოგადოების ნაწილის მოწოდებას არჩევების მეორე ტურში ოპოზიციური პარტიის კანდიდატების მხარდაჭერის შესახებ. მიმაჩნია, რომ ასეთი პროპაგანდა წარმოადგენს ამომრჩევლების თავისუფალ ნებაზე გავლენის მოხდენის ღია მცდელობას. ეს არ არის დემორატია. დემოკრატიის ანბანია, რომ ამომრჩეველი თავისუფალი უნდა დატოვო გადაწყვეტილების მიღებაში“, – ამბობს გამზარდია.
საკონსტიტუციო უმრავლესობას ცალსახად უარყოფითად აფასებს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძეც. ანალიტიკოსის აზრით, ეს არის კონსტიტუციაზე უკონტროლო ძალაუფლება.
„ზოგადად, ძალაუფლებას ისეთი თვისება აქვს, მის ცდუნებას გაუძლო, ძალიან რთულია. ამიტომაც, ვფიქრობ, ძალიან მძიმე წლები გველის წინ. გავიხსენოთ „ნაციონალურ მოძრაობის“ ხელისუფლების პერიოდი, რომელთაც 2008 წელს მათ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვეს და არ ჰყავდათ ძლიერი ოპოზიცია, რომელიც მათ შეცდომებისგან დააზღვევდათ. სამწუხაროდ, ჩვენი გამოცდილებით, უმრავლესობით მოსულ ძალებს ესმით არა კანონის, არამედ – ძალის უზენაესობის. ეს გამოცდილება გვაქვს დღემდე და ხვალ რა იქნება, რთული სათქმელია, თუმცა – იოლი სავარაუდო“, – აღნიშნავს ლაგაზიძე.
ერთი პარტიის მიერ აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვება დემოკრატიისათვის დამიზნებული ლულაა, – ასე აფასებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე „ქართული ოცნების მიერ“ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შესაძლებლობას. ცინცაძე ფიქობს, რომ აბსოლუტური ძალაუფლება საფრთხის შემცველია არა მხოლოდ ქვეყნის დემოკრატიული განვითარების, არამედ თავად იმ პოლიტიკური ძალისთვის, რომელიც ხელისუფლებაში იმყოფება.
„ვთვლი რომ ეს საფრთხეა. მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მართვის სადავეებთან, რადგან აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის. რაც შეეხება იმას, რომ ოცნების მართვის სტილი იძლევა თუ არა ამ საფრთხის წინაპირობას. გეტყვით: რა დონის საფრთხე შეიძლება იყოს, ეს უკვე მეორეხარისხოვანია. როგორც მინიმუმ ძალიან სერიოზული რისკია, როგორც მაქსიმუმ საფრთხე“, – აცხადებს სოსო ცინცაძე.
ექსპერტი რამაზ საყვარელიძე კი ირწმუნება, რომ საქართველოს კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია, ამიტომ სახიფათო იქნება, თუ სახელისუფლებო პარტიას არ ექნება საკონსტიტუციო უმრავლესობა. საყვარელიძე საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებზე საზოგადოების ნაწილის მხრიდან საუბარს პარადოქსულად აფასებს. მისი აზრით, უბრალო უმარვესლობაც კი საშიშია, თუ ის საშიში პარტიის ხელშია.
“ქართული ოცნების” ხელში უმრავლესობა არ იყო სახიფათო და საკონსტიტუციო უმრავლესობა რატომ იქნება სახიფათო? სახიფათო არის სხვა რამე – თუ საკონსტიტუციო უმრავლესობა არ ექნება “ქართულ ოცნებას”, რადგან კონსტიტუციაში ბევრი ხარვეზია. ის თავის დროზე, სააკაშვილის ინტერესებზე მორგებითაა აგებული, ამიტომ, მასში უამრავი არალოგიკურობაა. ჯობია, “ქართული ოცნების” ხელში იყოს და გასწორდეს კონსტიტუცია, რათა საქართველომ ნორმალური კანონმდებლობის საფუძველზე განაგრძოს არსებობა”, – აღნიშნავს საყვარელიძე.
საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებისათვის „ქართულმა ოცნებამ“ მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში 46 ოლქში მაინც უნდა გაიმარჯვოს, რადგან ამ ეტაპზე მმართველ პარტიას პარლამენტში გარანტირებული 67 მანდატი აქვს. საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირებისათვის კი 113 დეპუტატია საჭირო.