ახალი ამბები

სოფელ ქვემო ალვანში სოციალური საწარმო გაიხსნა

საწარმოში ბენეფიციარებს მატყლის დამუშავება, თექისა და ფარდაგის ნამუშევრების შექმნა შეუძლიათ. 
ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით, სოფლების მცხოვრებელებსა და ახალგაზრდებს არ აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ დიდ ქალაქებში მიმდინარე პროცესებში, დაესწრონ სხვადასხვა ღონისძიებას და მიიღონ მათში მონაწილეობა. აღნიშნული საწარმო კი მათ გააქტიურების საშუალებას აძლევთ.
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ალვანში მცხოვრებ ახალგაზრდებთან ურთიერთობამ დაგვანახა, რომ მათთვის საჭირო და აუცილებელიც კი იყო სხვადასხვა აქტივობაში ჩართვა. ქვემო ალვანი გამოირჩევა საკუთარი ტრადიციებით და ტრადიციული ხელსაქმით. ბოლო 25 წლის განმავლობაში ტრადიციული ხელსაქმე არ წარმოადგენდა რეგიონალური განვითარებისთვის პრიორიტეტს და მისი შენარჩუნება მხოლოდ ოჯახების დამსახურებაა. ამის გამო ვერ მოხერხდა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების დარგობრივი ათვისება, რაც აბრკოლებს საქმიანობის განვითარებას. ხელსაქმის განვითარებისთვის პირველ რიგში საჭიროა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდა თაობებისთვის, ამასთან ერთად ახალი ტექნოლოგიების გამოყენების ათვისებაც. ამიტომ ჩვენმა ორგანიზაციამ “ახალგაზრდები მომავლისა და ცვლილებებისთვის “ ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდის დახმარებით და ფინანსური მხარდაჭერით ქვემო ალვანში პროექტის ფარგლებში გავხსენით სოციალური საწარმო “თუშეთი”. პროექტში ჩართული ახალგაზრდები იყვნენ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან. მათ საწარმოში გამოცდილი სპეციალისტი პედაგოგებისაგან შეისწავლეს მატყლის დამუშავების თანამედროვე მეთოდები და დამუშავებული მატყლისაგან ნივთების ქსოვა-შეკერვა, შექმნა.
ეს იყო შესაძლებლობების გამოვლენის პროექტი”,– განაცხადეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა.