ბლოგები

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება

ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებს თუ დავეყრდნობით, რომელსაც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია სოციალურ ქსელში პერიოდულად აქვეყნებს, ვიზიტორთა რაოდენობა წლიდან წლამდე იზრდება. მაგალითად  2016  წლის 9  თვის მონაცემებით,  წინა წელთან შედარებით ვიზიტორთა ზრდამ 15 % შედგინა. ამ პერიოდში ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები 41 228 ვიზიტორმა დაათვალიერა, შესაბამისად  გაიზარდა  ლაგოდეხის დაცული რეტიროტიების ადმინისტრაციის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი. 2016 წლის 9 თვეში, იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით შემოსავალმა 32 191 ლარი შეადგინა. 2015 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს თანხა ციფრებში იყო 20 124 ლარი. 

ვიზიტორთა რაოდენობის აღრიცხვა და შესაბამისი სტატისტიკის წარმოება 2008 წლიდან იწყება.  2008-ში ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებს სულ რაღაც 2640 ადიამიანი სტუმრობდა.  2000-ზე მეტი ქართველი იყო, ხოლო 500-ზე მეტი უცხოელი.  2009-ში ვიზიტორთა ოდენობამ 4214 შეადგინა. 

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მონახულებად ტერიტორიებს შორის მეექვსე ადგილზეა.  პირველ და მეორე ადგილებს პრომეთეს და სათაფლიის მღვიმეები იკავებს. ბოლო ადგილზეა მაჭახელას ეროვნული პარკი.

უფრო ვრცლად, როგორ გაიზარდა ტურისტთა რაოდენობა 2008 წლიდან დღემდე ლაგოდეხში? იხილეთ გრაფიკა

► ფოტო

 

როგორ და რის ხარჯზე იზრდება ვიზიტორთა რაოდენობა, რომელი მარშრუტებია  ყველაზე მონახულებადი და რას ხმარდება ფინანსური რესურსი, რომელიც ვიზიტორთა რაოდენობასთან ერთად იზრდება?

გიორგი სულამანიძე ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელია და მეუბნება, რომ ვიზიტორთა რაოდენობის ზრდა რამდენიმე ფაქტორს უკავშირედება, მათ შორის საფეხმავლო ბილიკების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობას და რეკლამირებას, თუმცა ირკვევა, რომ რეკლამირებაზე უკეთ მუშაობს პირადი რეკომენდაციები. 

ვიზიტორთა 60 პროცენტზე მეტი ლაგოდეხში სწორედ სხვისი რჩევით მოხვდა.  ვიზიტორების უმრავლესობა ქართველია.  მაგალითად  2015 წელს  ლაგოდეხს  44 ათასზე მეტი  ვიზიტორი ეწვია, მათგან 35 ათასზე მეტი ქართველი იყო, 8 ათასზე მეტი კი უცხოელი.  ისიც ირკვევა, რომ უცხოელი უფრო მეტ ფულს ხარჯავს, ვიდრე ქართველი.

„ჩვენთვის გადამწყვეტად მნიშნელოვანი არ არის ვიზიტორი ქართველია თუ უცხოელი. მთავარია ეს პროცესი მომგებიანი. ტურისტთა რაონობის ზრდა ადგილობრივ შემოსავლებზე პირდაპირ აისახება.  მაგალითად ლაგოდეხში, ვაშლოვანის ქუჩაზე, წლიდან წლამდე იზრდებს საოჯახო სასტუმროების რაოდენობა, რადგან ტურისტთა უმრავლესობა ღამეს სწორედ ასეთი ტიპის სასტუმროებში ათევს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოსახლეობის შემოსავლების ზრდა“, – ამბობს გიორგი სულამანიძე.

სულ ცოტა ხნის წინ დაცული ტერიტორიების სააგენტო ლაგოდეხის ნაკრძალში მდებარე ტურისტული ინფრასტრუქტურ 15-წლიანი იჯარით გასცა, რომელიც სასტუმროდა კაფეტერიას აერთიანებს.

ამ ობიექტს 2012 წლამდე თავად დაცული ტერიტორიების სააგენტო მართავდა და ამუშავებდა, თუმცა, როგორც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორმა განაცხადა, ბიუროკრატიული პროცედურების გამო, სააგენტოს სასტუმროს მართვა გაუჭირდა, შესაბამისად ის იჯარით გაიცა.  ეს ობიექტები უკვე მუშაობს და მის ხარჯზე მომავალში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას კიდევ ვარაუდობენ.

სამოგზაურო მარშრუტი ლაგოდეხის ნაკრძალში ძირითადად მაისიდან იწყება და ნოემბრამდე გრძელდება. ამ დროს სეზონისთვის დამახასიათებელი მზიანი ამინდები კარვებში ღამის თევისა და ცხენებით გასეირნების საშუალებასაც იძლევა.

ტურების დროს, სხვა სანახაობებთან ერთად, ვიზიტორებს საშუალება აქვთ ნახონ ისეთი გარეული ნადირი, რომელიც მხოლოდ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე ბინადრობს. ლაგოდეხის ნაკრძალი თავისი უნიკალურობითა და ხელშეუხებელი ბუნებით სამოგზაურო-სათავგადასავლო, ეკო-კულტურული ტურიზმის მოყვარული უცხოელი და ადგილობრივი ტურისტებისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანს წარმოადგენს.

დაცული ტერიტორიები ვიზიტორებს სხვადასხვა სირთულისა და ხანგრძლივობის მარშრუტებს სთავაზობს. ესენია: როჭოს ჩანჩქერი; შავი კლდეების ტბა,  ნინოსხევის ჩანჩქერი;  მაჭის ციხე და ბუნების შემეცნებითი ბილიკი. მათგან ყველაზე პოპულარულია ნინოსხევის ჩანჩქერი.

მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ერთ-ერთი ტურისტული მიმართულების ნაწილს, კარის ეკლესიას. ეს არის „მაჭის ციხე“, რომელიც  ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ მაწიმის მთებში მდებარეობს.  ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აანონსებს, რომ ამ ადგილზე ღია ტიპის  მუზეუმის მოწყობაც იგეგმება, თუმცა პროექტი ჯერ მხოლოდ დამუშავების პროცესშია.

იმდენად რამდენადაც ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების მომსახურება და ვიზიტორთა რაოდენობა იზრდება, ტურიზმის განვითარება შეუმჩნეველია თავად ლაგოდეხში.   არ არის მუდმივად ფუნქციონირებადი კინოთეატრი, ასევე ღამის კლუბი და საცურაო-გამაჯანსაღებელი კომპლექსი. მოუწესრიგებელია სხვა ინფრასტრუქტურაც. ერთი, რაც მრავლად არის, ეს საოჯახო სასტუმროებია, თუმცა ყველა – თითქმის ერთნაირი. ქალაქში შეინიშნება კვების ობიექტების ნაკლებლობაც. არც კაფე-ბარი ფუნქციონირებს. ლაგოდეხს რომ ტურიზმის გავითარების მხრივ პოტენციალი აქვს, ეს წინასაარჩევნოდ პოლოტიკოსებმა საპარლამენტო არჩევნების კამპანიის დროს კიდევ ერთხელ გამოიყენეს. სხვა წლების მსგავსად ახლაც დაპირდნენ ლაგოდეხში მცხოვრებ ამომრჩეველს, რომ მუნიციპალიტეტის მომავალი განვითარება სწორედ ტურიზმზე გადის და ის უნდა განვითარდეს, თუმცა როდის, ამის შესახებ  ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ საუბრობს.