ახალი ამბები

თელავში ღია ბიბლიოთეკა გაიხსნა

ღია ბიბლიოთეკას აქვს ხის სახლის ფორმა, რომელიც მოხალისეებმა “ორბელიანი საქართველოს” პლატფორმის ფარგლებში ააწყეს. 
,,პროექტის იდეა მარტივია – მინიბიბლიოთეკა ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილასაა განთავსებული, მსურველებს შეუძლიათ წიგნების დატოვება, ადგილზე წაკითხვა. ვფიქრობ ეს ინიციატივა ხელს შეუწყობს თელავში მცხოვრები დაინტერესებული მკითხველის გააქტიურებას. ჩვენ სისტემატურად მოვამარაგებთ ამ პატარა ღია ბიბლიოთეკებს ჩვენ მიერ თარგმნილი და გამოცემული წიგნებით, ასევე, მოვუწოდებ მკითხველს, გაუზიარონ უკვე წაკითხული წიგნები ერთმანეთს”, – აღნიშნა “რადარამის” დირექტორმა მარიამ ადუაშვილმა.
მისივე თქმით, ,,რადარამის” მიზანია შეუქმნას ქართველ მკითხველს პირობები, რომ მშობლიურ ენაზე გაეცნოს სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურას.
,,ჩვენი ორგანიზაცია ქართულად თარგმნის და გამოსცემს მსოფლიო მასშტაბით აღიარებულ, თანამედროვე არამხატვრულ წიგნებს. “რადარამი” რეგულარულად გამოსცემს ახალ თარგმანებს, რომლებსაც მთელი საქართველოს მასშტაბით ავრცელებს”, – განაცხადა ადუაშვილმა.