ახალი ამბები

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს

საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნა, თუმცა უბნებზე ერთი საათის განმავლობაში, კენჭისყრის მოსამზადებელი პროცედურები გაიმართა. შესაბამისად, ამომრჩეველმა ხმის მიცემა 08:00 საათიდან დაიწყო. კენჭისყრა 08:00 საათიდან 20:00 საათამდე გაიმართება. 
8 ოქტომბრის არჩევნებისთვის საქართველოში – 3 645 საარჩევნო უბანი, ხოლო საზღვარგარეთ (40 ქვეყანა) 55 საარჩევნო უბანი შეიქმნა. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 513 884 ამომრჩეველია რეგისტრირებული. 
,,ამომრჩეველმა დღევანდელ საპარლამენტის არჩევნებში არჩევანი 25 საარჩევნო სუბიექტს – 19 პარტიასა და 6 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. მან ასევე არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის. ამომრჩეველს შესაძლებლობა ექნება აირჩიოს პარლამენტის 150 დეპუტატი – აქედან 77 წევრი პროპორციული საარჩევნო სისტემის, ხოლო 73 წევრი – მაჟორიტარული სისტემის მიხედვით. გარდა ამისა, აჭარის 6 საარჩევნო ოლქში, პარლამენტის არჩევნებთან ერთად, აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები ტარდება,”-  აცხადებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

5 ოქტომბერს უკვე გაიმართა არჩევნები ავღანეთში გახსნილ 2 საარჩევნო უბანზე ქართველი სამხედრო მოსამსახურეებისთვის, რომლის შედეგებიც 8 ოქტომბერს დაითვლება.