ვიდეორეპორტაჟი

საგარეჯოში დეპუტატობის კანდიდატების საჯარო დებატები გაიმართა

დებატებში მონაწილეობა დეპუტატობის ორმა კანდიდატმა მიიღო. შეხვედრის მონაწილე კანდიდატებმა მათზე და მათ მხარდამჭერებზე ზეწოლის მასობრივ ფაქტებზე გაამახვილეს ყურადღება. 
იორმუღანლოს თემის მკვიდრი, მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი კაზამფარ მამედოვი მმართველი პარტიის კანდიდატის, რომან მუჩიაშვილისა და მისი მომხრეების მხრიდან საარჩევნო კამპანიის მშვიდ გარემოში წარმოების დროს ხელის შეშლაზე მიუთითებს. მამედოვი მუჩიაშვილის მიერ მოსახლეობის მოსყიდვის ფაქტებზეც საუბრობს. 
,,ხელი შეგვიშალეს ჩემი საარჩევნო პლაკატების გაკვრის დროს. ჩემს აქტივისტებს ,,ქართული ოცნების“ ხალხმა უთხრეს, რომ ქალაქი საგარეჯო ჩვენი ტერიტორიაა, აქ არ უნდა მოხვიდეთო და მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. ჩემს საბანკო ანგარიშებს დაადეს ყადაღა და ერთ თეთრს ვეღარ ვხარჯავ წინასაარჩევნოდ. 2010–2012 წლებში ვიყავი პოლიტპატიმარი, დამაბრალეს ქრთამის აღების მცდელობა და 14 წელი მომისაჯეს და დამაკისრეს 14 000 ლარი ჯარიმა, მაგრამ მალევე გამოვედი. როცა გამათავისუფლეს მითხრეს, რომ ეს ჯარიმა აღარ უნდა გადამეხადა და პრობლემაც არ შემექმნებოდა მომავალში. მას მერე ვმუშაობდი სხვადასხვა ადგილზე, ასევე საგარეჯოს საკრებულოში და პრობლემა არც მქონია. რაც გავაცხადე, რომ კენჭი უნდა მეყარა, მერე გაახსენდათ რომ ჯარიმა მქონდა და დამიყადაღეს ანგარიშები. ეს არის ჩვენთვის უდიდესი ხელისშემშლელი ფაქტორი. ელემენტარული საწვავი რომ ვიყიდო გადაადგლებისთვის და აქტივისტებს ხელფასი გადავუხადო, ამის საშუალება არ გვეძლევა. ასევე ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატის და მისი მხარდამჭერების მხრიდან სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობაზე ხდება პირდაპირი და ირიბი ზეწოლა. ხალხს აშინებენ, რომ თუ ხმას არ მოგვცემთ, პენსიას მოგიხსნითო. იორმუღანლოს თემის ორი სოფლის რწმუნებული გაათავისუფლეს თანამდებობიდან იმის გამო, რომ ვერ შეპირდნენ ბევრი ხმების მოტანას ოცნების სასარგებლოდ. ოცნების აქტივისტები, ასევე, დადიან და ფულს არიგებენ კარდაკარ. სწორედ ეს კითხვები მინდოდა დამესვა ,,ქართული ოცნების“ დეპუტატობის კანდიდატისთვის, მაგრამ არ მოვიდა შეხვედრაზე, რადგან პასუხები არ აქვს,’’– განუცხადა Knews.ge-ს კაზამფარ მამედოვმა.
პოლიტიკურ ნიშნით მუქარაზე, ზეწოლასა და წინასაარჩევნო არათანაბარ გარემოზე საუბრობს ,,ნინო ბურჯანაძე–დემოკრატიული მოძრაობის“ საგარეჯოს დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე ჩაფიძეც. ის ირწმუნება, რომ წინასაარჩევნოდ აგიტაციაში ხელის შეშლის ფაქტებს სისტემური ხასიათი აქვს. 
,,წინასარჩევნოდ ბევრ კანდიდატს აქვს ფინანსების პრობლემა, არათანაბარ პირობებში ვართ. ზოგ პარტიას ბევრი ფინანსები აქვს და ზოგს საერთოდ არა, მათ შორის ჩვენ. რომ გაიაროთ, ეტყობა კიდეც ბანერებზე, ვის რამდენი აქვს დახარჯული. ასევე ჩემს მიმართაც იყო მცირე ხელშეშლის ფაქტებიც, რომელზეც საუბარი არ მინდა‘’, – განუცხადა Knews.ge-ს ალექსანდრე ჩაფიძემ. 
არასამთავრობო სექტორი ზეწოლის სავარაუდო ფაქტებზე სახელმწიფო სტრუქტურებს რეაგირებისაკენ მოუწოდებს. ,,მედიაცენტრი კახეთის“ ხელმძღვანელი, მაია მამულაშვილი აცხადებს, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიამ უნდა გაითვალისწინოს კამპანიის დროს ხელისშეშლის ფაქტები, რომლებზეცვ დეპუტატობის კანდიდატებმა ყურდაღება გაამახვილეს. 
,,სამწუხაროა, რომ შეხვედრაზე ყველა კანდიდატი არ მოვიდა, თუმცა ამის მიუხედავად ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. დისკუსიის დროს ხაზი გაესვა საგარეჯოსთვის ერთ– ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხს ეთნიკური უმცირესობების ჩართულობას და მათ ინფორმირებას საარჩევნო პროცესზე და საარჩვევნო უფლებაზე, რაც დიდ პრობლემას წარმოადგენს ეთნიკური უმცირესობების დასახლებებში. საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი ერთ–ერთი დეპუტატობის კანდიდატი, რომელიც ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელია, შეხვედრას დაესწრო და აქტიურობდა,რაც გამონაკლისია კახეთისთვის და განსაკუთრებთ იორმუღანლოს თემისთვის, სადაც საარჩევნოდ ყველაზე ბევრი დარღვევა ხდებოდა. შესაბამისად ეს აქტიურობა და ადგილობრივი თემის ინტერესების გაზრდა არის ძალიან კარგი პრეცენდენტი. ყურადსაღებია ის ფაქტები, რაზედაც შეხვედრაზე აღნიშნეს კანდიდატებმა. მათ ისაუბრეს გარკვეული ტიპის ზეწოლებზე, რომელსაც ადგილი აქვს ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ კანდიდატზე. ვფიქრობ, რომ ეს პროცესი საჯარო სტრუქტურების, საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან უნდა იყოს გათვალისწინებული და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებმა მაქსიმალურად ხელი უნდა შეუწყონ, რომ ეს პროცესი იყოს ღია, გაჭვირვალე, მინიმალური ჩარევებით. ვფიქრობ, რომ ამ შეხვედრამ საზოგადოებას საშუალება მისცა, უფრო ღრმად ჩაეხედა იმ სიტუაციაში, რაც არსებობს დღეს საგარეჯოში და იმედი გამოითქვა, რომ ეს არჩევნები იქნება მშვიდი, დემოკრატიული და საზოგადოება მაქსიმალურად იქნება ამ პროცესში ინტეგრირებული’’, – განუცხადა Knews.ge-ს მაია მამულაშვილმა.
დებატები არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მედია ცენტრი კახეთის“ მიერ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის პროექტის ფარგლებში ჩატარდა. პროექტი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცესში მოქალაქეების და განსაკუთრებით ახალგაზრდების და ქალების ინფორმირების ხელშეწყობას.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.