ვიდეორეპორტაჟი

პანკისელი ქალები ინფორმირებული არჩევანისთვის

ისინი ოჯახის მხრიდან ყოველგვარ ზეგავლენას გამორიცხავენ და ამბობენ, რომ თავად იღებენ გადაწყბვეტილებას, რომელ კანდიდატზე შეაჩერონ საკუთარი არჩევანი. სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები ეთერ ციხესაშვილი აღნიშნავს, რომ საგანმანათლებლო კაპმანიის შემდეგ ხეობაში მცხოვრები ქალები საკუთარ უფლებებს დამოუკიდებლად იცავენ.

,,ხეობაში მცხოვრები ქალების საარჩევნო და სამოქალაქო–საზოგადოებრივ საკითხებში ჩართვასა და გააქტიურებას ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ მიერ განხორციელებულმა საინფორმაციო პროექტებმა შეუწყო ხელი. საგანმანათლებლო ცენტრში საინფორმაციო ტიპის ტრენინგების გავლის შემდეგ, საკუთრი უფლებებისა და თავის დაცვა სრულად შეგვიძლია. დღეს ქალმა იცის საკუთარი უფლება და ვიცავთ ჩვენს უფლებას. გვაქვს შანსი, ავიმაღლოთ ცნობიერება. ოჯახის ყველა წევრს აქვს სხვადასხვა შეხედულება, მაგრამ არ რის პრობლემა, ყველამ უნდა დააფიქსიროს საკუთარი არჩევანი“,– აცხადებს ეთერ ციხესაშვილი.

სოფელ დუისის მკვიდრი მედეა ბორჩაშვილი ფორმალური და არაფორმალური განათლების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი“ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებებს ახორციელებს.

,,ჩვენს ხეობაში ქალის აქტივობისა და როლის გაზრდა თავიდან პრობლემა იყო, რადგან ტრადიციას და რელიგიას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა, წარმოვადგენთ მუსლიმანურ თემს. მიუხედავად ამისა, ქისტები ყველაზე მეტად ინტეგრირებადი თემი ვართ ქართველებთან. თავიდან დაბრკოლება იყო, შემდეგ ქალმა სამოქალაქო კუთხით ცნობიერება აიმაღლა. დღესდღობით პანკისელი ქალი ინფორმირებულია და საკუთარი უფლებების დაცვა თამამად შეუძლია. ჩვენი ტრადიციიდან გამომდინარე უპირატესობას მამაკაცებს ვანიჭებთ ოჯახში, თუმცა არის ისეთი შემთხვევებიც, რომ ქალები იღებენ გადაწყვეტილებას და ამას ეხლა ნორმალურად ხვდებიან. მე შემიძლია, ხმა მივცე სხვა კანდიდატს და ჩემმა მეუღლემ სხვას. ვიცი, რომ ჩემი არჩევანი თავისუფალია და ოჯახში არ მექნება ამ კუთხით დაბრკოლება, რადგან ჩემი ოჯახის წევრებიც ინფორმირებულები არიან. ხეობაში წლების წინ პრობლემები იყო, ეხლა ნაკლებად. დუისში არსებულ ცენტრში ვესწრები საინფორმაციო შეხვედრებს და ვიღებ ბევრ ინფორმაციას, რათა ვიყო დაცული“,– ამბობს მედეა ბორჩაშვილი.

,,კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ ბექაური პანკისის ხეობაში მცხოვრებ ქალებთან აქტიურად მუშაობს. სოფელ დუისში გახსნილია ქალთა ცენტრი, სადაც ხეობაში მცხოვრებ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს საშუალება ეძლევათ, ისწავლონ, დაესწრონ და მონაწილეობა მიიღონ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამაში, რაც მათ საზოგადოებრივ გააქტიურებასა და ჩართულობას უწყობს ხელს.

,,2011 წლიდან უხუცეს ქალთა საბჭო შევქმენით და მასში ხეობის ყველა გვარის ქალია წარმოდგენილი. ცენტრში იმართება ძალიან ბევრი საინფორმაციო და სასწავლო ტიპის ტრენინგი, ასევე უამრავი კულტურული ღონისძება. რასაც მე ვუყურებ და ვკითხულობ, რომ რაც აზერბაიჯანულ თემში ხდება, აქ სხვა სიტუციაა. ამ ხეობაში რომ ქალი არჩევნებზე არ წავიდეს, არ მოხდება ასეთი ფაქტი“,– აცხადებს ბექაური.

სოფელ ჯოყოლოში მცხოვრები მუსიკის პედაგოგი ბელა მუთოშვილი ყურადღებას საარჩევნო პროცესებზე ამახვილებს და მიუთეთებს, რომ თუ ხეობაში წლების წინ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს საარჩევნო უფლება შეზღუდული ჰქონდათ, ამჟამად ვითარება მკვეთრად განსხვავებულია და ქალი საკუთარ არჩევანს თავისუფლად აფიქსირებს.

ხეობაში მცხოვრები ქალები საპარლამენტო არჩევნებზე წასვლას აპირებენ და აცხადებენ, რომ მხარს სასურველ კანდიდატს დაუჭერენ.

,,ხეობაში არ ხდება, რომ ვინმე არჩევნებზე არ წავიდეს, მათ შორის ქალები. ვაპირებ და მივდივარ არჩევნებზე და ვალდებულიც ვარ, რადგან საქართველოს მოქალაქე ვარ. ჩვენ, ქალებს ჩვენი მოსაზრება და არჩევანი გვაქვს, ვხედავთ, გვესმის, ვარჩევთ კარგსა და ცუდს – რა კეთდება და არა. საპარლამენტო არჩევნებზე ყველა საკუთარ არჩევანს დააფიქსირებს“,– ამბობს ბელა მუთოშვილი.

პანკისელი ქალები ნეგატიურად აფასებენ პარტიების საარჩევნო სიებში მკვეთრად შესამჩნევ გენდერულ დისბალანსს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალების რაოდენობის გაზრდის შემდეგ ეთნიკური უმცირესობების მდედრობითი სქესის წარმომადგენლების უფლებები გაცილებით მეტად იქნება დაცული.

 

სტატია მომზადებულია პროექტის ადგილობრივი მედია ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველისათვის. ფარგლებში, რომელიც ხორციელდება „მედია ცენტრი კახეთის“ მიერ.