სტატიები

ქალების შეზღუდული საარჩევნო უფლება

სოფელ იორმუღანლოს თემში, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, მიაჩნიათ, რომ ქალმა არჩევანი უნდა გააკეთოს ოჯახში მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ. დურსუნ აბდალოვი ფიქრობს, რომ ქალი ვალდებულია, ქმრის გადაწყვეტილებას უსიტყვოდ დაემორჩილოს და ხმა იმ კანდიდატს მისცეს, რასაც მეუღლე გადაწყვეტს. ამას დამკვიდრებული წესჩვეულებით ხსნის.

,,კანდიდატები არ ვიცი, ვინ არიან, მაგრამ მთავრობის ნომერი ვიცით და იმ რიცხვს შემოვხაზავთ, რადგან გვპირდებიან, რომ პრობლემებს მოგიგვარებთო. ჩემმა ცოლმაც მას უნდა მისცეს ხმა, ვისაც მე, რადგან ჩვენთან ასეთი წესია. სხვანაირად არ გამოვა, რადგან ერთ სახლში ვცხოვრობთ. ჩემმა შვილებმა, ვისაც უნდათ მას მისცენ ხმა, მე არ ვერევი, ამის უფლება არა მაქვს. ჩვენთან წესია, რომ ქალმა უნდა შემოხაზოს ის, რასაც ქმარი ეტყვის. სხვანაირად არ არსებობს. არჩევნების დროს სულ ასეა“.

საქართველოს აზერბაიჯანული თემის კვლევის მიხედვით, ქართული ენა საკომუნიკაციო დონეზე არ იცის ეთნიკური უმცირესობის ამომრჩეველთა 41,8%-მა. დაახლოვებით 22%-ს ესმის, მაგრამ სახელმწიფო ენაზე კითხვისა და წერის უნარები არ აქვს. ქალების 54%-მა კი ქართული ენა საერთოდ არ იცის. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაშიც მსგავსი სიტუაციაა. ადგილობრივი მინაია ყურბანყიზი ამბობს, რომ არჩევნებზე მიდის, თუმცა გადაწყვეტილებას თავად არ იღებს.

,,მივდივარ არჩევნებზე, ვისაც სახლის კაცი, ნათესავები და მეზობლები გადაწყვეტენ, მეც იმას მივცემ ხმას, ხომ ვერ გამოვაკლდები? ყველა არჩევნებზე მივდივარ“,-აღნიშნავს ყურბანყიზი.

ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემში გამონაკლის შემთხვევას წარმოადგენენ მასწავლებლები, რომლებიც საარჩევნო უფლებების შესახებ ინფორმირებულნი არიან. ისინი ამბობენ, რომ არჩევანს სასურველ კანდიდატზე შეაჩერებენ. იორმუღანლოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ბადირა ნასიმოვა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ თემებში არსებულ პრობლემებზე საუბრობს, არჩევნებში ქალთა პასიურ მონაწილეობას ზოგად განათლებასა და ქართული ენის საბაზისო დონეზე არცოდნას მიუთითებს. ის ამავე დროს ქალთა შეზღუდულ საარჩევნო უფლების ნეგატიურ ტენდენციაზეც მიუთითებს და არჩევნებში მდედრობითი სქესის წარმომადგენლის მონაწილეობის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

,,ყველა არჩევნებში ვიღებ მონაწილეობას, ეს ყველას ვალდებულებაა. დამოუკიდებლად ვიღებ გადაწყვეტილებას, თუ რომელ კანდიდატს მივცე ხმა. ვაპირებ, გავეცნო კანდიდატების ბიოგრაფიას, განათლებას, სამსახურეობრივ გამოცდილებას, რადგან შევძლო დამოუკიდებლად ხმის მიცემა. ვიცი ჩემი საარჩევნო უფლებები, ქართულად წერა-კითხვა, მაგრამ მიჭირს საუბარი. წერა-კითხვა დამეხმარება, ჩემი არჩევანი გამოვხატო“.

წინასაარჩევნო პერიოდში ეთნიკური უმცირესობებისათვის ძირითად პრობლემას ენობრივი ბარიერი წარმოადგენს. ადგილობრივების განმარტებით, მართალია ისინი არჩევნებში იღებენ მონაწილეობას, თუმცა საარჩევნო ბიულეტენის წაკითხვა უჭირთ. მეტიც, ხშირ შემთხვევაში, ისინი საარჩევნო უბანზე მისვლის შემდეგ იგებენ თუ რა არჩვნები ტარდება და ვინ არიან მონაწილეები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიას განცხადებით, საპარლამენტო არჩევნბეისთვის საარჩევნო ბიულეტენები ყველა ენაზე დაიბეჭდება.

,,ვიცი, რომ არსებობს ენობრივი ბარიერი ეთნიკურად დასახლებულ თემებში და ეს თემა ახალი არ არის ჩვენთვის. წელს ბიულეტენები დაბეჭდილი იქნება როგორც ქართულ, ასევე რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. იმედი გვაქვს, რომ ეს მოხსნის იმ პრობლებესა და ბარიერებს რაც საარჩევნო უბანზე გააჩნია ამომრჩეველს“,-განუცხადა knews.ge – ს თამარ ჟვანიამ.

საარჩევნო პროცესის ჯანსაღად წარმართვის მიზნით, ექსპერტები პროცესებში ქალთა აქტიურ ჩართულობას მნიშვნელოვან ფაქტორად მიიჩნევენ. ისინი მდედრობითი სქესის წარმომადგენლების ინფორმირების გაზრდის მთავარ მექანიზმად კანდიდატების მხრიდან ხშირი საინფორმაციო კამპანიის განხორციელებას ასახელებენ. ისინი აცხადებენ, რომ საარჩევნო გზავნილები და პროგრამები ეთნიკური თემის წარმომადგენლებს მათთვის გასაგებ ენაზე უნდა მიეწოდოს.

„თუ ნებისმიერმა მოქალაქემ, ეს იქნება ქართველი, თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი, არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღო, არჩევნებისათვის არასასურველი ფაქტორია. მნიშვნელოვანია, რომ ქალებმა თავიანთი არჩევანი გამოხატონ. ამისთვის კი კანდიდატების პროგრამები უნდა გააანალიზონ, გაიაზრონ და ისე გააკეთონ არჩევანი. სამწუხაროდ. ეს არ ხდება ხოლმე. მათ სჭირდებათ ცნობიერების ამაღლება, თუმცა ბოლო ხუთი-ექვსი წელია, რაც ქალები შედარებით გააქტიურდნენ. კარგი იქნება, რომ ეთნიკურ უმცირესობებს კანდიდატებმა საარჩევნო პროგრამები მშობლიურ ენაზე გააცნონ“,– აცხადებს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „ვეჟინის“ თავმჯდომარე ლაურა ხარიტონაშვილი.

 

სტატია ქვეყნდება პროექტის „გაცნობიერებული არჩევანი–დემოკრატიის ფუნდამეტი“ ფარგლებში. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდ ”ღია საზოგადოება-საქართველოს” პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.