ახალი ამბები

,,ვითხოვ, ჩემი შვილის საქმე თაროდან ჩამოიღონ”

,,ოთხი წელი გავიდა და დღემდე, როცა გამომძიებელს ვურეკავ, ერთი და იგივე ფრაზა ისმის – ახალი და ხელჩასაჭიდი არაფერია. ათას საქმეს იძიებენ და რით ვერ გამოიძიეს ჩემი შვილის მკვლელობა. რა გახდა ასეთი, რომ საშველი არ ჩანს? ჩამოვდივარ პროკურატურაში და შეხვედრითაც არავინ მხვდება. ან რა აზრი აქვს იქ ჩასვლას, რეაგირება მაინც არ არის. ახლა რაკი არჩევნები მოდის, ისევ დავურეკეთ ყველას, ვიფიქრეთ, იქნებ ახლა მაინც ეთქვათ რამე ახალი, მაგრამ არა. გამოვიძიებთ, საქმე დახურული არ არისო. რა მნიშვნელობა აქვს, დაიხურება თუ არა, ჩემთვის მთავარი ხომ შედეგია? ეს საქმე თაროზეა შემოდებული და ჩვენი გულისტკივილი არავის ადარდებს. დასკვნები გააკეთეს მაშინ ირაკლი ღარიბაშვილმაც და სხვებმაც. აცხადებდნენ, აუცილებლად გამოვიძიებთო. ოთხი წლისთავზე მაინც იქნებ მითხრან, სად არის მათი დაპირებები? თბილისში ჩასვლასაც აზრი არ აქვს. მანანა ბერიკაშვილთანაც ვითხოვდით შეხვედრას, მაგრამ შენობაშიც კი არავინ შეგვიშვა, გვითხრეს არ არისო, არადა ვიცოდით, რომ იქ იყო. ვითხოვთ ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრას, მაგრამ არ გვახვედრებენ. ეს წლები იმაზე ფიქრში გავატარე, რა მოხდა. ნანატრი შვილი იყო ბარბარე. მანამდე მუცელი ორჯერ მომეშალა. გიორგობას საკესრო კვეთით 8-თვიანი გავაჩინე. ექიმებმა გვითხრეს, თუ სამი დღე გაძლო, გადარჩებაო. ჭამა მაშინვე დაიწყო და გადარჩა. ძალიან აქტიური ბავშვი იყო და ის დღეს აღარ მყავს. ვითხოვ, ჩამოიღონ თაროდან ჩემი შვილის საქმე”, – აცხადებს „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში ბარბარე რაფალიანცის დედა. 

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში დატრიალებული ტრაგედიიდან ოთხი წელი ხდება. 2012 წლის 30 სექტემბერს 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ცხედარი წყლით სავსე ტონანახევრიან ქვევრში იპოვეს.