ბლოგები

რატომ არ სჭირდება რეკლამა თუშეთს?

ადრიანი დილაა, ომალოში ვარ და თუშეთის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრისკენ მივემართები, ორი უცხოელი გოგო  საქმიანად ესაუბრება რეინჯერს.

  კიკი და ჯუდითი ახალგაზრდა ევროპელების გლობალური საგანმანათლებლო ქსელის  GLEN-ის მოხალისეები არიან. ორივე სტუდენტია და გარემოსდაცვითი საკითხებით არიან დაინტერესებული. სიამოვნებით გავესაუბრე მათ და თქვენც მინდა რომ გაგაცნოთ.

 გოგონებს ვეკითხები როგორ მოხვდნენ საქართველოში. კიკი ამბობს, რომ მეგობრებისგან გაგონილი ჰქონდა საქართველოს ლამაზი ბუნების შესახებ და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა ზაფხული გაეტარებინა ცივილიზაციისგან  შორს, უმშვენიერეს ბუნებაში, მაშინვე გადაწყვიტა თავისი პროფესიული ინტერესები დაეკავშირებინა თუშეთთან.

 ჯუდითს ერთ-ერთმა გერმანულმა ორგანიზაციამ ასზე მეტი სხვადასხვა სტაჟირების პროგრამა შესთავაზა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. რადგანაც სტაჟირება თუშეთში დაკავშირებული იყო ბუნებრივი რესურსების მართვასა და ფლორა-ფაუნის მონიტორინგთან, მან სწორედ აქ წამოსვლა აირჩია.

 ამჟამად გოგონები ეკო-საგანმანათლებლო ბილიკის შექმნაზე მუშაობენ, ეს ბილიკი მოეწყობა ომალოში, ვიზიტორთა ცენტრთან ახლოს. დაწყებულია დაგეგმვის სამუშაოები, მომავლ სეზონზე მოეწყობა ინფრასტრუქტურა. ეს ბილიკი საუკეთესო შემეცნებითი საშუალება იქნება როგორც ბავშვების ასევე მოზრდილებისთვის და ვიზიტორთა ცენტრს უფრო მიმზიდველს გახდის ტურისტებისთვის. „ჩვენ უკვე გავასუფთავეთ ტყისკენ მიმავალი გზა, დავწერეთ ტექსტები საინფორმაციო დაფისთვის და დავგეგმეთ განლაგება“-სიამაყით მიყვებიან გოგონები.

 ჩეხეთის განვითარების სააგენტოსთან ერთად გოგონები ასევე მუშაობენ სხვადასხვა ბილიკის დახვეწაზე, გადიან ადგილზე, ზომავენ დროს, რათა ვიზიტორებმა მიიღონ ზუსტი ინფორმაცია და გაუადვილდეთ გადაადგილება.

 კიკი და ჯუდითი ნარჩენების გადამუშავების პრობლემაზე საუბრობენ. სამწუხაროა, რომ უცხოელები ჩვენს მიწაზე ჩვენ მიგვითითებენ სისუფთავის დაცვისკენ. ისინი ყვებიან, რომ ხშირად ხედავენ ულამაზეს მდელოებზე მიმოფანტულ ბევრ პლასტმასის ბოთლს, ჭიქას, ცელოფნის პარკს, რაც არამარტო ამახინჯებს არამედ აბინძურებს გარემოს. გოგონები ფიქრობენ, უნდა მოხდეს ცნობიერების ამაღლება ისევე როგორც ბევრ ქვეყანაში მოხდა, უნდა შეიცვალოს ბუნებისადმი მიდგომა, რადგანაც ბუნება ჩვენი სიცოცხლის წყაროა და კი არ უნდა მოვკლათ, არამედ უნდა გავუფრთხილდეთ, რომ კვლავ მოგვცეს სიცოცხლე. ჩვენ ამაზე უნდა დავფიქრდეთ.

მათი აზრით, კარგი იქნება თუ გაუმჯობესდება მზის ენერგიის სისტემა მაღალმთიან დასახლებებში.

გოგონებისთვის საინტერესოა ის ფაქტი, რომ საერთაშორისო დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები მუშაობენ თუშეთში და არ იცნობენ ერთმანეთის პროექტებს. მათი რეკომენდაციაა ამ ორგანიზაციების უფრო მეტი კოორდინირება და თანამშრომლობა.

 კიკი და ჯუდითი ამბობენ, რომ თუშეთს არ სჭირდება რეკლამა. ეს რეგიონი ისეთი განსაკუთრებული და მიმზიდველია თავისი ლამაზი ლანდშაფტებით, ბუნებით, ხალხით, რომ თავისთავად მოხდება მისი ცნობადობის გაზრდა, მაგრამ ამავდროულად საჭიროა მდგრადი ტურიზმის განვითარება. უნდა მოხდეს როგორც ტურისტების ასევე ადგილობრივების ცნობიერების ამაღლება, ისე რომ, ერთის მხრივ, ბუნება და ცხოვრების სტილი შენარჩუნდეს და, მეორე მხრივ, ტურიზმი განვითარდეს.

 „ულამაზესი ბუნება, სუფთა ჰაერი და საუკეთესო ტემპერატურა, სიმშვიდე, ბუნების ხმები, ტყეები, მთები და ველები-ველებზე ბევრი-ბევრი ყვავილები ძალიან შთამბეჭდავია,“- ამბობენ გოგონები,- „ჩვენ გვიყვარს ლაშქრობებზე სიარული, დავდივართ და ვეცნობით აქაურ ბუნებას. ძალიან შთამბეჭდავი ბიომრავალფეროვნებაა და ამდენი გასნხვავებული მცენარის სახეობა. ჩვენ გვიყვარს ქონდრის ჩაი, თუშური ცხენები. მართალია, მეცხვარეების ძაღლებთან ვერ დავმეგობრდით, მაგრამ არაუშავს, ვახერხებთ გაქცევას. ამიტომაც შევარჩიეთ საქართველო, გვაინტერესებდა ამ ადგილების და ხალხის ნახვა, მათი აზრის გაგება, მათი ცხოვრების სტილის და კულტურის გაცნობა.“

 გოგონები აღფრთოვანებული მიყვებიან ადგილობრივების გასაოცარი სტუმართმოყვარეობის შესახებ და ამბობენ, რომ, აქ კარგად გრძნობენ თავს და მოსწონთ აქაური ხალხი, კოლეგებთან ურთიერთობა. „ვგრძნობთ, რომ აქ ჩვენი მეორე სახლია“-ამბობენ ისინი.

 კიკი და ჯუდითი ბილიკზე გადიან, მათი სამუშაო დღე დაიწყო. მადლობას ვუხდი ჩვენს ბუნებაზე ზრუნვისთვის და კმაყოფილი ვემშვიდობები გოგონებს.

  დილა ომალოში გინახავთ? მშვიდი კავკასიონის მთები და გამჭვირვალე ჰაერი, ხევებში მფრინავი ნისლები და ნამით ნაკოცნი ყვავილები. დილა მშვიდობისა თუშეთო, მე შენთან მოვედი!

 ]OLYMPUS DIGITAL CAMERA OLYMPUS DIGITAL CAMERA