ახალი ამბები

სოფელ წინანდალში 30 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება

დოკუმენტის მიხედვით, თელავის რაიონის სოფელ წინანდალში 30 მილიონი დოლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდება და ფონდი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობის დაფინანსებაში მიიღებს მონაწილეობას.

ოთხსართულიანი, 100 ნომერზე გათვლილი სასტუმრო თანამედროვე სტანდარტების არქიტექტურული ნაგებობა იქნება. „სილქროუდ ჯგუფის“ ინფორმაციით, კომპლექსი მოიცავს სპა-აუზსა და ფიტნეს კლუბს, საკონფერენციო და ღონისძიებათა დარბაზებს, ღია და დახურულ კაფე-რესტორნებს. კახეთში პირველი ბრენდული სასტუმრო „რედისონი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და ისტორიული ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება.
ოფიციალურ დოკუმენტს „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ და სს „წინანდლის მამულების“ დირექტორმა გიორგი ხარაბაძემ მოაწერეს ხელი. 

„საქართველოში რედისონის მე-3 სასტუმრო აშენდება. საერთაშორისო ბრენდის პირველი სასტუმრო იქნება კახეთში. სასტუმროს მშენებლობის ბიუჯეტი 30 მილიონი დოლარია“, – განაცხადა დავით საგანელიძემ. 
ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიც დაესწრო. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სასტუმროში დაახლოებით 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება. 

„ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ბრენდული ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები ჩნდება რეგიონებში იმიტომ, რომ რეალურად ეს არის რეგიონის გამოჩენა მსოფლიოს რუკაზე. ეს არის შესაძლებლობა იმისა, რომ რაც შეიძლება მეტი ტურისტი მოვიზიდოთ“, – აღნიშნა ქუმსიშვილმა. 
„სილქროუდ ჯგუფის“ ინფორმაციით, სოფელ წინანდალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო და 2017 წელს დასრულდება.