სტატიები

ლაგოდეხში ენმ-ს დეპუტატობის კანდიდატს ოფისის დაცლას თხოვენ

პარტიის ადგილობრივი წარმომადგენლობის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ რაიონის გამგეობა კინოთეატრის შენობაში საოფისედ დაკავებული ფართის დაცლას თხოვს. გამგეობაში კი, ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ აღნიშნული ფართი კულტურის სამსახურს ღონისძიებების გასამართად სჭირდება.

ენმ-ს ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, დეპუტატობის კანდიდატი გურამ კაკალაშვილი აცხადებს, რომ საოფისე ფართის დაცლის შესახებ მოთხოვნა გამგეობიდან 2 აგვისტოს მოუვიდა, რომელიც გურჯაანის რაიონულ სასამართლოში უკვე გაასაჩივრა. კაკალაშვილი განმარტავს, რომ ოფისის არჩევნებამდე დაცლა და მისი სხვა ადგილას განთავსება  წინასაარჩევნო კამპანიის ჩატარებაში შეუშლის ხელს.

,,2012 წლის გააფხულიდან გვაქვს ნაქირავები საოფისე ფართი კინოეატრ ,,სინემას’’ შენობაში.  ეს არის პატარა ფლიგელი, სულ 15 კვადრატული მეტრი, სადაც გვაქვს ერთი კომპიუტერი და საბუთები. თავიდან ვიქირავეთ 2 წლით შემდეგი გაგრძელების უფლებით, გამგეობას კი, რამდენიმე დღით ადრე უნდა შეეტყობინებინა ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე ჩვენთვის. 2014 წელს ეს გაფრთხილება არ მიგვიღია მათგან და პირდაპირ ფართის დატოვება მოგვთხოვეს. მოთხოვნა გავასაჩივრეთ გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და სამი სასამართლო ინსტანცია მოვიგეთ. სასამართლომ დაადგინა, რომ გამგეობას არ ჰქონდა უფლება ჩვენთვის მოეთხოვა ფართის დაცლა. 2 აგვისტოს გაფრთხილების გარეშე კვლავ მოგვთხოვეს ფართის დაცლა. საბუთში არ წერია რატომ ითხოვენ ჩვენი ოფისის სხვაგან გადატანას. არ დავცალეთ ოფისი და გამგეობის მოთხოვნა გავასაჩივრეთ სასამართლოში. ეს არის მმართველი პარტიის მხრიდან წინასაარევნოდ ოპოზიციურ პარტიაზე ზეწოლა.  ვართ კეთილსინდისიერი გადამხდელები და ვიხდით ყოველთვიურად 250 ლარს.  წინასაარჩევნო ოფისის სხვაგან გადატანა მიზანშეწონილი არ არის, რადგან წლებია აქ ვართ და ყველამ იცის მისი ადგილმდებარეობა.  თუ საამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომ ეს ფართი დავტოვოთ, გადავალთ, რადგან კანონმორჩილები ვართ. გამგეობას ეს ფლიგელი არაფერში სჭირდება  და როცა დასჭირვებიათ  ღონისძიებისთვის, უპრობლემოდ ვუთმობდით ოთახს,’’– განაცხადა გურამ კაკალაშვილმა.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში ოპოზიციური პარტიის ბრალდებებს პასუხობენ. უწყებაში აცხადებენ, რომ მუნიციპალიტეტს კულტურის სახლი არ აქვს, რის გამოც ღონისძიებების დიდი ნაწილი კინოთეატრის შენობაში იმართება. გამგებლის მოადგილის, გიორგი ბოკერიას განცხადებით,  ფართი, რომელიც ოპოზიციურ პარტიას აქვს დაკავებული, მუნიციპალური მიზნებისთვის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე გამოყენებული უნდა იქნას დანიშნულებისამებრ კულტურული ღონისძიებებისათვის.

,,ლაგოდეხში ხშირად იმართება  მასშტაბური ღონისძიებები და კულტურის სამსახურს ეს ფართი სჭირდება. აქ მოეწყობა გასახდელები და კულისები, რადგან არ გვაქვს კულტურის სახლი. ჩვენთან არცერთი პოლიტიკური პარტია არ არის განთავსებული მუნიციპალურ შენობაში და ვფიქრობ, აღნიშნულმა ფართმა მუნიციპალური მიზნებისთვის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე კულტურული დატვირთვა უნდა შეიძინოს. პარტიამ 2 წლის წინ იცოდა რომ ხელშეკრულების ვადა 2 აგვისტოს მთავრდებოდა, ამიტომ არ იყო აუცილებელი დამატებით შეხსენება. ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და არ არის ხელშეშლა პოლიტიკურ საქმიანობაში. ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და მუნიციპალიტეტს სჭირდება ფართი. ყველა პოლიტიკურ პარტიას აქვს კერძოდ დაქირავებული საოფისე ადგილი და მათაც დაიქირავონ,’’განაცხადა გიორგი ბოკერიამ.

გამგეობის მხრიდან ოპოზიციური პარტიის მიმართ საოფისე ფართის დატოვებასთან დაკავშირებით მოთხოვნის ფაქტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სამართლიანი არჩევნების’’ 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო მონიტორინგის II შუალედური ანგარიში (17 ივლისი – 8 აგვისტო) მოხვდა. ორგანიზაცია პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მოუწოდებენ, რომ კანონის ფარგლებში იმოქმედონ.