სტატიები

“პოლიტიკაში ქალები 30%–ით მაინც უნდა იყვნენ წარმოდგენილნი”

კამპანიის მონაწილეებმა მოსახლეობას არჩევნებში მათი ჩართულობის მნიშვნელობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. თელაველ სულიკო ოხანაშვილს მიაჩნია, რომ ქალებმა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საპარლამენტო მანდატების მინიმუმ 30% მაინც უნდა მოიპოვონ. მისი აზრით, მდედრობითი სქესის წარმომადგენლების პოლიტიკურ პროცესებში ჩართულობა და მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მაშინ მიიღება ისეთი სახის გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს უწყობენ ქვეყნის მდგრად განვითარებას. 

,,ქალები პარლამენტში 30% მაინც უნდა იყვნენ წარმოდგენილები. ძალიან ცოტა პროცენტია და მე ვემხრობი, რომ მათი რაოდენობა უნდა გაიზარდოს. ქალები საქმეების წარმოებას უფრო დელიკატურად, მშვიდად და გონიერად გაუძღვებიან. მე ასე ვფიქრობ. მინდა, რომ მეტი ქალი მოხვდეს პარლამენტში. არ ვემხრობი აზრს, რომ ქალი უნდა იყოს სამზარეულოში. თუ ადამიანი აქტიურია, ბევრ საქმეს მოასწრებს”,–განუცხადა knews.ge-ს სულიკო ოხანაშვილმა.

ლელა ხეჩოშვილი ფიქრობს, რომ ქალების როლი პოლიტიკასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბალია და ეს მკვეთრად ნეგატიური ტენდენციაა. 

,,მიმაჩნია, რომ ქალი ყველგან დაჩაგრულია, ოჯახშიც და სამსახურში. უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცები არიან დასაქმებული და ქალები მხოლოდ დაბალ დონეზე. ქალები აუცილებლად უნდა იყვნენ წარმოდგენილნი, როგორც პარლამენტში, ასევე საჯარო დაწესებულელებში”, – აცხადებს ხეჩოშვილი. 

თელავის გენდერის მედია ცენტრის ხელმძღვანელი საინფორმაციო აქციის მნიშვნელობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ მსგავსი კამპანია ხელს შეუწყობს საზოგადების მხარდაჭერის ზრდას ქალი კანდიდატების მიმართ. მაია მამულაშვილი ფიქრობს, რომ თითოეული მოქალაქის ხმა მნიშვნელოვანი და გადამწყვეტია. 

,,აქციის ფარგლებში მოქალაქეებს ვისაუბრეთ არჩევნების შესახებ, თუ რატომ უნდა მიიღონ მონაწილეობა და რატომ არის მათი ხმა გადამწყვეტი. ასევე, რა შედეგს მოიტანს ქალთა აქტიური ჩართულობა პოლიტიკაში და მათი მონაწილეობის გაზრდა რატომ არის მნიშვნელოვანი”,– ამბობს მაია მამულაშვილი.

პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია “ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისთვის”, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორიცელებს. პროექტის მიზანია, საარჩევნო პროცესში გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებით ხელი შეუწყოს გენდერული თანასწორობის პრინციპების დამკვიდრებასა და არჩევნებში ქალთა მონაწილეობის ზრდას.