ახალი ამბები

გირჩის თელავი-ყვარლის მაჟორიტარობის კანდიდატმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

 ის პარლამენტის მანდატის მოსაპოვებლად აღარ იბრძოლებს. როგორც knews.ge-ს მოსიაშვილმა განუცხადა, კანდიდატურის მოხსნის კონკრეტული მიზეზი არ არსებობს. მისი განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში მოხდა გარკვეული ცვლილებები, რის გამოც პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო. 
„მინდა გაცნობოთ, რომ გამოვეთიშე საარჩევნო მარათონს. კენჭს აღარ ვიყრი მაჟორიტარ დეპუტატად. ბოლო დროს შეიცვალა ბევრი რამ, რაც არჩევნებისთვის დამახასიათებელია და მოვიღე პრაგმატული გადაწყვეტილება. მე ყოველთვის ვცდილობდი, რომ ხმამაღლა დამეცვა თელავის პოზიციები და ყოველთვის ასე იქნება“, – განაცხადა ვახტანგ მოსიაშვილმა. 
მისივე თქმით, ის რჩება სამოქალაქო აქტივისტად და თელაველების ინტერესების დამცველად.
„სადაც არ უნდა წავიდე, მე ყოველთვის ვიქნები თქვენი ხმა მიუხედავად იმისა მექნება თუ არა ამის ოფიციალური ლეგიტიმაცია. ვთვლი, რომ საპარლამენტო ტრიბუნა ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გავაჟღეროთ ჩვენი პრობლემები, მაგრამ ეს არ არის ერთადერთი ტრიბუნა, საიდანაც შეგვიძლია, ჩვენი ინტერესები დავიცვათ. მე მაქვს ბევრი სხვა ტრიბუნა, რომელსაც კიდევ უფრო აქტიურად გამოვიყენებ. ბევრი გეგმა მაქვს. ვეცდები, რომ ყველა ჩემს სამომავლო გეგმაში თელავს ჰქონდეს თავისი ადგილი. იმედი მაქვს, რომ აირჩევთ ღირსეულ კანდიდატს. არ ჩათვალოთ, რომ სადმე მივდივარ. ვრჩები სამოქალაქო აქტივისტად. ვრჩები თქვენი ინტერესების დამცველად“, – აღნიშნა მოსიაშვილმა. 
ის, ასევე, აღარ უხელმძღვანელებს „გირჩის“ თელავის ოფისს, თუმცა პარტიას არ დატოვებს და რიგითი წევრი იქნება.