გზა ევროპისკენ

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა აჭარაში (R)

 საქართველოს პარლამენტში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იქნებიან: ფატი ხალვაში, ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მუხრან ვახტანგაძე, კობა ნაკაიძე, ილია ნაკაშიძე, ანზორ ბოლქვაძე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ასევე დაასახელა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატები: ბათუმის 68-ე ოლქში- ვახტანგ წულაძე;  ბათუმის 69-ე ოლქში-ილია ვერძაძე;  ბათუმის 70-ე ოლქში – ნუგზარ სურმანიძე;  ქობულეთში   მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება გიორგი რომანაძე;  ხელვაჩაურში – მერაბ კარანაძე;    ხულოში, შუახევსა და ქედაში ,,ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს ბიზნესმენი ხვიჩა შარაშიძე.

“ჩვენი განვითარების პროგრამის ქვაკუთხედი გახლავთ თითოეული ადამიანის ძირეული უფლებები და მისი პატივისცემა; ჩვენ არ გვჭირდება სახელმწიფო, რომელიც არარად აგდებს ადამიანს, მის ღირსებას; არცერთი ხიდი, ესტაკადა, გზა, კოშკი არ ღირს დაჩაგრული ადამიანის დაღვრილ ცრემლად,-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის მოსახლეობასთან  გამართულ შეხვედრაზე. 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მმართველი გუნდის მიერ განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე მიაწოდა ინფორმაცია. მან მადლობა გადაუხადა აჭარლებს  მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა, როგორც მიღწეულ პროგრესს, ისე ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს.

“დიდი მადლობა ამ მხარდაჭერისთვის, თქვენი მხარდაჭერის გარეშე შეუძლებელია რაიმე წარმატებაზე საუბარი. არსად ისე არ იგრძნობა ქართული სული, როგორც აქ აჭარაში. ქართული ცნობიერება ვერასოდეს ვერავინ შეარყია, როცა საქართველოს უჭირდა აჭარლები- ქრისტიანები, მუსლიმანები ყველანი ერთად იდგნენ ჩვენი სამშობლოს მიწა-წყლის ერთიანობის სადარაჯოზე. დიდი მადლობა ამისთვის! ჩვენ ყველანი ქედს ვიხრით თქვენი პატრიოტიზმის წინაშე! მეგობრებო, დღესაც გვაქვს გამოწვევები. დღეს გვაქვს გამოწვევა გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ერთიანობა მშვიდობიანად უზრუნველვყოთ და ამისთვის უნდა ავაშენოთ თანამედროვე სახელმწიფო. ამიტომ, აქაც თქვენი იმედი გვაქვს. 4 წლის წინ ყველამ ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, მოვახდინეთ ძირეული გარდატეხა ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ავირჩიეთ სრულიად ახალებური მოდელი, რომელიც არ უგულებელყოფს ადამიანის უფლებას. მოდელი, რომელიც თითოეული ადამიანის თავისუფლებას, მის ძირეულ უფლებებს სცემს პატივს.  ჩვენ გვინდა სახელმწიფო, რომელიც კიდევ უფრო სწრაფად განვითარდება, მაგრამ არ გადაივლის საკუთარ მოქალაქეებზე. სწორედ ასეთ სახელმწიფოს ვაშენებთ ჩვენ ყველანი ერთად. სწორედ ამისთვის გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენ მივაქციეთ ყურადღება ისეთ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიმართულებებს, როგორიც არის ჯანმრთელობის დაცვა და ჯანდაცვის უზრუნველყოფა. ეს არის უმნიშვნელოვანესი, რომ დღეს საქართველოს მოქალაქეებს აღარ სჭირდებათ უკანასკნელი გროშების გაღება, საკუთარი ბინების დაგირავება იმისათვის, რომ საკუთარი შვილის, დედის, მამის ჯანმრთელობა უზრუნველყონ და დამეთანხმებით, რომ ეს არის უდიდესი მიღწევა,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა განათლების რეფორმაზე. მისივე თქმით, უმაღლესი განათლების სფეროში გატარდება ძირეული ცვლილებები და წახალისებული იქნება მოთხოვნადი დარგები. პრემიერის განმარტებით, სახელმწიფომ კიდევ უფრო მეტად უნდა იზრუნოს პედაგოგებზე და მათ პრესტიჟზე.

“ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს ახალ თაობას, მათ განათლებას. მე სიამაყით მინდა ვთქვა,რომ აჭარაში არაერთი სკოლა აშენდა და გარემონტდა. დღეს ჩვენი მაღალმთიანი რეგიონების ბავშვებს აღარ უწევთ 5,7 თუ 10 კილომეტრის ფეხით გავლა იმისათვის, რომ სკოლაში მივიდნენ. ჩვენ ავწევთ ჩვენი პედაგოგების პრესტიჟს. არ შეიძლება გამუდმებული ტესტირებები, გამოცდები და ყოფნა-არყოფნის რისკის წინაშე დაყენება იმ ადამიანების, რომლებმაც ყველაზე გაჭირვებული წლების განმავლობაში საკუთარი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ფასად უზრუნველყვეს ჩვენი მომავალი თაობის განათლება და მათი ინტელექტუალური განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ უმაღლესი განათლების სფეროში შევიტანთ ძირეულ რეფორმებს. მოთხოვნადი დარგები იქნება უფრო მეტად წახალისებული, უმაღლესი სასწავლებელის კურსდამთავრებული პირდაპირ დასაქმდებიან და იქნება კონკრეტული მოთხოვნა ამა თუ იმ დარგზე. ჩვენ არ გვაქვს უფლება, დანაშაული ჩავიდინოთ საკუთარი ახალგაზრდების წინაშე და 4 წლის განმავლობაში ილუზიაში ვამყოფოთ ისინი, ვაიძულოთ, გაიღონ უკანასკნელი რესურსი იმისათვის, რომ ისწავლონ იმ პროფესიებზე, რომლებიც რეალურად არ არის მოთხოვნადი,”-აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა სიტყვით გამოსვლისას ტურიზმის განვითარების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.  

„ მე უნდა ვთქვა ძალიან გულწრფელად, როდესაც აქ ვიმყოფები, მთელი ჩემი ბავშვობა თვალწინ მიდგას. მე ყოველ ზაფხულს ვატარებდი ბათუმში, ქობულეთში და აჭარის სხვა ულამაზეს ადგილებში. მაქვს უდიდესი სითბოს შეგრძნება, როდესაც აქ ვიმყოფები, თქვენს წინაშე. არასოდეს მე არ მახსოვს ასეთი გადაჭედილი აჭარა. ეს არის დამატებითი სიკეთე, შემოსავალი. ეს ყურადღება გაგრძელდება.  აჭარის, როგორც ზღვას, ისე მთიან რეგიონებს მიექცევა განსაკუთრებული ყურადღება. მთლიანი  აჭარა უნდა ვაქციოთ 12 თვიან კურორტად, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს აჭარა სავსე იყოს ტურისტებით. ეს  მიღწევადია იმ პროგრამით, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ. უახლოეს პერიოდში დაიწყება ხულო -ადიგენის გზის მშენებლობა.  

აუცილებლად აშენდება და გარემონტდება ბათუმიდან მაღალმთიან აჭარაში მიმავალიგზები თანამედროვე სტანდარტის მიხედვით.აუცილებლად გაგრძელდება სამთო-სათხილამური კურორტების მშენებლობა და რა თქმა უნდა, გაგრძელდება ისკონცერტები, რომლებიც მრავლად იყო წელს. მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი იქნება. აუცილებელია ამ ტიპის აქტივობის წახალისება იმისათვის, რომ  ყველა ოჯახში აჭარაშიმივიდეს კეთლდღეობა და ეს არის ჩვენი მთავარი მომავალი.

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან დიდ ყურადღებას დავუთმობთ სოფლის მეურნეობას. ნებისმიერი დარგი, რომელიც არ უნდა დაასახელო აჭარაში, არის პერსპექტიული სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დღეს, როგორც არასდროს საქართველოში, იმხელა ყურადღება ეთმობა სოფლის მეურნეობას. დღეს არის შესაძლებელი, რომ ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც გააჩნია საქმიანი ინიციატივა, მიიღოს შეღავათიანი პროგრამული დახმარება, სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ, რა თქმა უნდა, მეგობრებო, ჩვენ არ ვართ კმაყოფილნი ამ მიღწევებით. ჩვენ უფრო სწრაფი განვითარება გვჭირდება და ამისთვის, ჩვენ გაგვაჩნია პროფესიონალიზმი, გამოცდილება და შეკრული გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს, რომ თითოეულმა ოჯახმა იგრძნოს კეთილდღეობა.   რათქმა უნდა, შემოვლითი გზების მშენებლობა, ინფრასტრუქტურული პროექტებიგაგრძელდება, იმისათვის რომ ეკოლოგიური გაჯანსაღება მოხდეს ჩვენი ზღვისპირაკურორტების და  ამის შედეგად აჭარა დაიმკვიდრებს მთელი ევროპის, ასევე ჩვენისამეზობლოს მასშტაბით იმ სახელს, იმ დიდებას დაიბრუნებს, რომელიც მასნამდვილად სამართლიანად ეკუთვნის. ჩვენ ყველანი ერთად ამას აუცილებლადმივაღწევთ”,-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილი მიიჩნევს, რომ  ქვეყნის მიერ დასახული გეგმების მისაღწევად, საჭიროა უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მისი თქმით, ქვეყანაში სტაბილური მდგომარეობა ვერ შენარჩუნდება, თუ სახელმწიფოს ყველა მეზობელთან არ ექნება ნორმალური ურთიერთობა.

“ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოება და ჩვენ ნამდვილად გვაქვს ამ მიმართულებით საამაყო. ჩვენ შევძელით გონივრული პოლიტიკით ერთი მხრივ შეგვენარჩუნებინა თანმიმდევრული სვლა ევროპისკენ და ევროატლანტიკური ოჯახისკენ და მეორე მხრივ, შევძელით, რომ დაგვეწია დაძაბულობა რეგიონში, ჩვენს სამეზობლოში. საქართველოში სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, თუ ჩვენ არ გვექნება ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა ჩვენს მეზობლებთან, მათ შორის, რა თქმა უნდა, რუსეთთან. ეს აუცილებელია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ეს არ მოხდება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ან სუვერენიტეტის ხარჯზე. ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ამ საქმეს”,- განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის თქმით,  გვიახლოვდება საქართველოს ისტორიაში უმნიშველოვანესი, საპარლამენტო არჩევნები.

„ქართველმა ხალხმა   კიდევ ერთხელ უნდა გააკეთოს საკუთარი ბრძნული არჩევანი, რა გზას ვირჩევთ ჩვენ- ვირჩევთ გზას,  რომელიც სწრაფ განვითარებას იძლევა და  რომელიც თითოეულ ოჯახში მოიტანს კეთილდღეობას, რომელიც ადამიანის უფლებებს აყენებს  როგორც უზენაესს ჩვენი მომავალი ნაბიჯების  მთლიან სპექტრში, თუ  ჩვენ ვირჩევთ სხვა გზას. მე მგონი აქ შეკითხვის ნიშანი აღარ არსებობს.  ამიტომ მინდა წარმოგიდგინოთ  ის გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია  პროფესიონალი ადამიანებისგან. ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ასეთი დეპუტაცია გვეყოლება.  ასეთი დეპუტატები ეყოლება აჭარას  საქართველოს მომავალ პარლამენტში  და აჭარის უმაღლეს საბჭოში“,-აღნიშნა პარტიის თავმჯდომარემ.

 გიორგი კვირიკაშვილის თქმითვე,  ეს მნიშვნელოვანი პერიოდი უნდა გავიაროთ ღირსეულად -არა ძალადობით, არა დაპირისპირებით.

„არა გათითოკაცებული საქართველო, არამედ გაერთიანებული, ერთ მუშტად მდგომი საქართველო, ერთ მუშტად მდგომი აჭარა იმისათვის, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გავაერთიანოთ ჩვენი ერი, ვუზრუნველყოთ ჩვენი მომავალი თაობის უკეთესი, გაფერადებული, აგუგუნებული საქართველო. კეთილდღეობა თითოეული თქვენთაგანის ოჯახში. ჩვენ მეგობრებო, ყველანი ერთად, „ქართულ ოცნებასთან“ ერთად ამას აუცილებლად შევძლებთ და გავაერთიანებთ ჩვენს ქვეყანას.  ვუზრუნველყოფთ ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს, მხოლოდ სიყვარულით, არა სიძულვილით, მხოლოდ ერთიანობით“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, პარტიის ცენტრალური შტაბის უფროსმა კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლისას ტურიზმის,  სოფლის მეურნეობის  სხვადასხვა დარგების, მცირე  ბიზნესის განვითარების, უცხოური ინესტიციების მოზიდვის კუთხით  აჭარის რეგიონის დიდ პერსპექტივებზე ისაუბრა.

„აჭარაში დღეს პირველ რიგში თავისუფლების მზე ანათებს და ჩვენ ამ მშვენიერი კუთხის პატრონებმა, ამ მშვენიერი ცის და ზღვის პატრონებმა, თავისუფლებმა და ლაღებმა, კანონით დაცულებმა და ქვეყნის ხელისუფლებით მხარდაჭერილებმა — ქვეყანა უნდა ავაშენოთ ისეთი, როგორზეც ოცნებობდა  ჩვენი წინაპარი, თითოეული  სახელოვანი მოქალაქე, ყველა ის, ვინც ეს ისტორიული კუთხე შეუნარჩუნა დედა სამშობლოს და ევროპული სტილის ქალაქად აქცია ბათუმი!“,-აღნიშნა კახა კალაძემ.

 პოლიტიკური რეკლამა (R)