ახალი ამბები

აკურაში ყოფილი პარლამენტარი მოკლეს

ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ადგილობრივ მკვიდრს, 66 წლის ნოდარ მოდებაძეს ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიაყენეს. იგი ადგილზე გარდაიცვალა.  ჟურნალისტ მაკა მოსიაშვილის ინფორმაციით, 1999 წლის პარლამენტის წევრს, ბლოკი “საქართველოს აღორძინების” წარმომადგენელ ნოდარ მოდებაძეს ერთ–ერთ მწყემსთან საძოვრების საკითხზე დაპირისპირება მოუვიდა, მათ ჯერ იჩხუბეს, ერთმანეთს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, შემდეგ კი მწყემსმა მას იარაღიდან ესროლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ჟურნალისტი ინფორმაციას სოციალურ ქსელში ავრცელებს.
როგორც შსს–ს პრესსამსახურში აცხადებენ, მოდებაძეს ჭრილობა სანადირო თოფით აქვს მიყენებული. მათივე ინფორმაციით, მკვლელობა გახსნილია და ცნობილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობაც. ამჟამად პოლიცია ბრალდებულის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოებს ახორციელებს.  შსს-ს ინფორმაციით, საქმე სს კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს.