ახალი ამბები

არასამთავრობოები– ადრეულ ქორწინებას გოგონებისთვის მძიმე შედეგები მოაქვს

მათი განცხადებით, ადრეულ ქორწინებას გოგონებისთვის მძიმე შედეგები მოაქვს. 
ადრეული ქორწინების შესახებ პრობლემებზე და არსებულ მდგომარეობაზე თელავში იმსჯელეს. დისკუსია გაიმართა მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „21-ესაუკუნე“ პარტნიორობით და ინტერრელიგიურ საბჭოსთან თანამშრომლობით. შეხვედრას ესწრებოდნენ თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალასა და პანკისის ხეობაში მოღვაწე მუსლიმური აღმსარებლობის სასულიერო პირებმა, თემის ლიდერებმა, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, სამართალდამცავი ორგანოების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა მიიღეს. როგორც გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა ლელა ბაქრაძემ knews.ge-ს განუცხადა, ადრეულ ქორწინებას გოგონებისათვის მძიმე შედეგები მოაქვს და მათ განვითარებაზე მკვეთრად უარყოფით გავლენას ახდენს. მისივე თქმით, ცნობიერების ამაღლების პროცესში რელიგიური ლიდერების დახმარებით სწორი გზავნილების გავრცელება ხელს შეუწყობს ადრეული ქორწინებისადმი საზოგადოების შემწყნარებლური დამოკიდებულების შეცვლას.
,,ადრეული ქორწინებას, რომელიც არის გოგონების უფლებების დარღვევა, შორს მიმავალი გავლენა აქვს ქვეყნის განვითარებაზე. ის აფერხებს და ხელს უშლის მოზარდებს, რომ სრულად გამოავლინონ თავიანთი პოტენციალი და უარყოფითად მოქმედებს ქვეყნის ადამიანურ კაპიტალზე, რადგან დღევანდელი მოზარდები ჩვენი ქვეყნის ძირითადი რესურსია. აქედან გამომდინარე სახელმწიფომ გააცნობიერა ადრეული ქორწინების უარყოფითი შედეგები და გარკვეული ქმედითი ნაბიჯები გადადგა ამ პრობლემის დასაძლევად. ეს არის საკანონმდებლო ბაზის დახვეწა, რომელიც 2017 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში და ქორწინების რეგისტრირება მხოლოდ შესაძლებელი იქნება 18 წლის ასაკიდან. ამიტომ მთავარია მოსახლეობის ინფორმირება და დამოკიდებულების შეცვლა ადრეული ქორწინების მიმართ. ამ პრობლემის პრევენციისთვის ერთ– ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი არის რელიგიურ ლიდერებთან საუბარი, მათი ჩართვა, რათა მათ თავის მხრივ ხელი შეუწყონ თემებს და მოსახლეობას, რომ გადააფასონ ეს პრობლემა და შეიცვალონ დამოკიდებულება. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანიც’’, – განუცხადა knews.ge-ს ლელა ბაქრაძემ.
სრულიად საქართველოს შეიხის, რამინ იგიდოვის შეფასებით, ადრეული ქორწინება და გოგონების მოტაცება რელიგიურ უმცირესობებში მწვავე პრობლემაა. მისი აზრით, აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით ყველა აღმსარებლობის რელიგიურმა ლიდერებმა ეფექტური ღონისძიებები არ უნდა განახორციელონ. 
,,საქართველოში მწვავედ დგას ადრეული ქორწინების და გოგონების მოტაცების პრობლემა, რომლის მოგვარებაზეც წლებია ვმუშაობთ. ჩვენ მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ სამართლებრივი ფორმით მოსახლეობას უნდა მიაწოდოს ინფორმაცია, რომ ეს არის დანაშაული. სასულიერო პირებსაც გვაქვს ვალდებულება ადამიანებს ვუთხრათ, რომ ამას რელიგიურადაც არა აქვს გამართლება’’, – აღნიშნა რამინ იგიდოვმა.
2016 წლიდან გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის „21-ე საუკუნე“ საპარტნიორო ინიციატივის ფარგლებში, რელიგიათაშორის საბჭოსთან, რომელშიც საქართველოში მოღვაწე 11 რელიგიური გაერთიანება შედის, თანამშრომლობის პირველი ნაბიჯები გადაიდგა. თანამშრომლობის მიზანი ადრეული ქორწინების საზიანო პრაქტიკის პრევენციისათვის, რელიგიური ლიდერების მხარდაჭერის მოპოვებაა.