სტატიები

ოპოზიცია – საარჩევნო ოლქების გაერთიანება ამომრჩეველთა გაუაზრებელ არჩევანს გამოიწვევს

პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს უარყოფითად აფასებენ. ისინი ირწმუნებიან, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრები მექანიკურად შეიქმნა და ეს ცვლილებები ამომრჩევლებს პრობლემას შეუქმნის. ,,პაატა ბურჭულაძე–სახელმწიფო ხალხისთვის’’ თელავის ორგანიზაციის თავმჯდომარის ვანო გალახვარიძეს მიიჩნევს, რომ საარჩევნო ოლქების საზღვრების შეცვლამ და გაერთიანებამ შესაძლოა ამომრჩევლების გაუაზრებელი არჩევანი გამოიწვიოს.

,,მაჟორიტარული ოლქების საზღვრების შეცვლა არ უნდა მომხდარიყო. არ იყო აუცილებელი, რომ თელავის, ყვარლის და ახმეტის საარჩევნო ოლქები გაერთიანებულიყო ან მათი დაყოფა მომხდარიყო. ეს პარლამენტმა გადაწყვიტა და ამაში მონაწილეობა ვერ მივიღეთ,’’– განაცხადა ვანო გალახვარიძემ.

ოპოზიციას საზღვრების შეცვლის გარდა, შენიშვნები აქვს კოდექსში შესულ სხვა სიახლეებთანაც. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კახეთის რეგიონალური ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ბოტკოველის შეფასებით, გაუგებარია არჩევნებამდე 1 თვით ადრე კანონში რატომ შევიდა ცვლილება უმისამართო და რეგისტრაციიდან მოხსნილ მოქალაქეებთან დაკავშირებით.
,,ჩვენ დაგაგმილი გვაქვს აქტიურად დავაკვირდეთ წინასაარჩევნო პროცესს, რომ არ დაფიქსირდეს დარღვევები, რაც დაგეგმილი აქვს მმართველ პარტიას. მაგალითად: ერთ–ერთია აქედან ცესკოდან ვითომ კონკურსის წესით კომისიის წევრების დანიშვნა. ,,ქართულ ოცნებას’’ უკვე აქვს შედგენილი აღნიშნული პირების სიები და პირობა აქვთ მიცემული, რომ სწორედ ისინი დაინიშნებიან საუბნო კომისიის წევრებად. ჩვენ ამ პროცესსაც დავაკვირდებით და არ დავუშვებთ კანონდარღვევას. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსში შესულ ცვლილებებს, სრულიად გაუგებარია რაც შეიცვალა უმისამართო და რეგისტრაციიდან მოხსნილ ადამიანებთან დაკავშირებით. აღნიშნული კანონი მიიღეს ერთი თვის წინ და ამ დრომდე ამომრჩევლები არ არიან ინფორმირებულები, რომ გაიგონ, როგორ უნდა განხორციელდეს მათი რეგისტრაცია და ხმის მიცემა სასურველი კანდიდატისთვის. მოსახლეობას ამისთვის ძალიან ცოტა დრო აქვს’’, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი ბოტკოველმა. 
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია კი მიიჩნევს, რომ ხმების თანაბრობის პრინციპი საარჩევნო ოლქების გაერთიანებით დაცულია და საზღვრების ახლებური მოწყობა არ გამოიწვევს ამომრჩევლის გაუაზრებელ არჩევანს. მისი განმარტებით, შესაბამისი ცვლილებების შესახებ აუცილებელია მოქალაქეებისათვის დეტალური ინფორმაციის მიწოდება, რათა სამომავლოდ არ შეიქმნას პრობლემები. 
,,კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიების ფუნქციები დაიყო და შეიქმნა ძირითადი და დამხმარე კომისიები. იმისთვის, რომ ამომრჩევლის რაოდენობა და პროპორცია ყოფილიყო დაცული მოხდა საზღვრების ახლებური დელიმიტაცია და ერთმანდატიანი მაჟორიტარული საზღვრების შექმნა ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნულმა პროცესმა მოგვცა განსხვავებული ტერიტორიები და ერთმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. საზღვრების ახლებური მოწყობიდან გამომდინარე, ასევე გარკვეული ფუნქციების გადანაწილება მოხდა სხვადასხვა ოლქებს შორის და ამ საკითხების დეტალური ცოდნაა საჭირო, რომ სამომავლოდ არ შეიქმნას რაიმე სახის პრობლემები,’’– განუცხადა Knews.ge-ს თამარ ჟვანიამ.
წინასაარჩევნო კამპანია თვენახევრის წინ ოფიციალურად გაიხსნა. 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე დარჩენილია 2 თვეზე მეტი. პოლიტიკური პარტიების დიდ ნაწილს საარჩევნო ოლქებში ჯერ კიდევ არ წარუდგენია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები. 2015 წლის 23 დეკემბერს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის მორიგი საპარლამენტო არჩევნებისთვის კვლავ 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი რჩება.