ახალი ამბები

თელავში საარჩევნო მედიაცენტრი გაიხსნება

როგორც knews.ge-ს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა, ლიკა იმერლიშვილმა განუცხადა, მედიაცენტრები მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მაჟორიტარობის კანდიდატებსა და პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზებენ უსაფრთხო და ნეიტრალურ სივრცეს ინფორმაციის გავრცელებისა და დისკუსიებისთვის. მისივე თქმით, აღნიშნული ცენტრები ხელს შეუწყობენ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებსა და მათი ოლქების ამომრჩევლებს შორის დიალოგის წარმართვას, რათა მოქალაქეები გაეცნონ სააერჩევნო პროგრამებს და ინფორმირებული არჩევანი გააკეთონ. 
,,მედიაცენტრების ფუნქციები იქნება: მედიაბრიფინგების ორგანიზება; სხვადასხვა კანდიდატს შორის წინასაარჩევნო დებატების მოწყობა/ჩატარება; ჟურნალისტებისთვის არჩევნებთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება (განახლებული საოლქო საზღვრები, არჩევნების ადმინისტრირების პროცედურები, ამომრჩეველთა რეგისტრაციისა და ხმის მიცემის პროცედურები, სრულყოფილი სია არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და მათი კანდიდატების შესახებ და ა.შ.). გარდა ამისა, არჩევნების დღეს მედიაცენტრებში ჩატარდება არჩევნებთან დაკავშირებული თითქმის ყველა საქმიანობა: დამკვირვებელი ორგანიზაციების, ადგილობრივი ჯგუფების, პოლიტიკური პარტიების ბრიფინგები. მედიაცენტრები უზრუნველყოფენ შესაბამის ტექნიკურ აღჭურვილობას და მაღალი სიჩქარის ინტერნეტს. ცენტრში გარანტირებული იქნება უსაფრთხო და ნეიტრალური სამუშაო გარემო”, – განუცხადა Knews.ge-ს ლიკა იმერლიშვილმა.
მედიაცენტრების ფინანსურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტის (ACCESS) ფარგლებში.