ახალი ამბები

ფერმერები შესაძლოა მიწაზე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ

კახეთის ფერმერ ქალთა ასოციაციის თავმჯდომარემ ირინე ფხოველიშვილმა საგადასახადო კოდექსის 203-ე მუხლის შეცვლის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. როგორც knews.ge-ს ფხოველიშვილმა განუცხადა, სასოფლო–სამეურნეო მიწაზე კანონთან შეუსაბამო და დისკრიმინაციული გადასახადია დაწესებული, რაც ფერმერს პრობლემებს უქმნის. მისივე განმარტებით, კოდექსის ამ მუხლის მიხედვით მოიჯარე ფერმერს იჯარის გადასახადის გარდა, ავალდებულებს სახელმწიფოს დამატებით გადაუხადოს მიწაზე ქონების გადასახადიც, რაც მიუღებელია და მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს სხვა ქვეყნებში.
,,ყოფილი მთავრობის ეს უკანონო დადგენილება ახალმა ხელისუფლებამ უაპელაციოდ დააკანონა, მიუხედავად იმისა, რომ მიწის კატეგორიების არ განისაზღვრა და ცუდი და კარგი მიწის მესაკუთრეები და მფლობელები ჩააყენეს ერთნაირ პირობებში, რაც არის ტიპიური დისკრიმინაცია. ჩვენ არაერთხელ დავაყენეთ საკითხი, რომ გადახედილიყო ეს გადასახადი და აღმოფხვრილიყო დისკრიმინაცია, მაგრამ უშედეგოდ. ამიტომ გახდა საჭირო ამ სარჩელის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში. რაც შეეხება 204-ე მუხლს ანუ მიწაზე ქონების გადასახადის განაკვეთს, რომელიც 2010 წლიდან მთავრობის დადგენილებით გაიზარდა, სახნავ მიწაზე გადასახადი ყოველგვარი კატეგორიისა და ხარისხის გაუთვალისწინებლად 4-ჯერ გაიზარდა, ხოლო საძოვარის გადასახადი კი – 5-ჯერ’’, – განუცხადა knews.ge–ს ირინე ფხოველიშვილმა.