ახალი ამბები

თელავის მერი „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევას ეხმაურება

როგორც knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, 2014 წელს ქალაქ თელავში ორი სასპორტო ა(ა)იპი დამატებითი ფინანსური რესურსის ხარჯვის გარეშე შეიქმნა.
,,აღნიშნულ ა(ა)იპებში თანამშრომლები არ დასაქმებულან დამატებითი რესურსის და სამუშაო ადგილების შექმნის ხარჯზე. ეს იყო სუფთა მენეჯმენტის კუთხით გაკეთებული. განხორციელდა არსებული შტატის ოპტიმიზაცია და მის ხარჯზე ახალი შეიქმნა. მე წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვსაუბრობდი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნაზე, მაგრამ ვამბობდი, რომ დამსაქმებელი სახელმწიფო ვერასოდეს ვერ იქნება, ეს უნდა გააკეთოს ბიზნეს სექტორმა. ჩვენ გვქონდა ბევრი პროექტი, რომელიც განხორციელდა ბიზნეს სექტორის მიერ და შეიქმნა სამუშაო ადგილები. ჯამურად წარმოვადგენთ 8 საინვესტიციო პროექტს, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს და დასაქმებული პირების რაოდენობა ჯამურად შეადგენს 350 ახალ სამუშაო ადგილს, რომელიც ქალაქის მოსახლეობის 2%–ია’’, – განუცხადა knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ. 
არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინფორმაციით, 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საქართველოს მუნიციპალიტეტების ა(ა)იპებში დასაქმებულთა რაოდენობა 8 ათასზე მეტი პირით, სახელფასო ხარჯები კი 4 მილიონზე მეტი ლარით გაიზარდა.
ორგანიზაციის განმარტებით, საქართველოში არსებული უმუშევრობის მაჩვენებლიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილში ადგილობრივი თვითმმართველობა რჩება დასაქმების ერთ-ერთ ძირითად საშუალებად, თუმცა არაგონივრულად გაზრდილი საშტატო ერთეულები ხშირ შემთხვევაში მძიმე ტვირთად აწევს მუნიციპალიტეტის ისედაც მწირ საბიუჯეტო რესურსებს.