სტატიები

TI კახეთის საკრებულოებში ფრაქციების მუშაობას არაეფექტურად აფასებს

კვლევის საგანს წარმოადგენს რამდენად ეფექტურად მუშაობენ ფრაქციები კახეთის რვა მუნიციპალიტეტის საკრებულოში.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები კახეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების საკრებულოებში ფრაქციების წევრების მიერ წამოჭრილი ინიციატივების სიმცირეზე საუბრობენ. მათივე ინფორმაციით, რეგიონის საკრებულოებში 59 ფრაქცია ფუნქციონირებს, რომელსაც ბოლო 2 წლის მანძილზე სულ 14 ინიციატივა აქვს წარდგენილი.
,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს’’ თელავის ოფისის კოორდინატორის, ზურა მირზიკაშვილის განცხადებით, კვლევა ფრაქციის დაარსებიდან 2016 წლის მაისის ჩათვლით პერიოდს მოიცავს. 
ორგანიზაციის ინფორმაციით, ფრაქციის თავმჯდომარეებს, რომელთაც ბოლო 2 წლის მანძილზე არცერთი ინციატივა არ წარუდგენიათ, სახელფასო სარგოს სახით 1 834 202,22 ლარი აიღეს.
,,კვლევის ინტერესის სფეროს წარმოადგენდა ფრაქციების მუშაობის ეფექტურობა რეგიონის მასშტაბით. ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ყოველწლიურად სოლიდური თანხა იხარჯება ფრაქციის თავმჯდომარეების სახელფასო ანაზღაურებაზე, თუმცა ფრაქციის წევრების მიერ გაწეული საქმიანობა მცირეა”, – აცხადებს ზურა მირზიკაშვილი.
მისივე განცხადებით, თვითმმართველი ქალაქი თელავის, საგარეჯოს, სიღნაღის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის საკრებულოებში მოქმედ ფრაქციებს საკრებულოში არც ერთი საკითხი არ დაუყენებიათ.
,,თვითმმართველი თემი თელავის საკრებულოში 6 მოქმედი ფრაქციიდან მხოლოდ 3 ფრაქციის, “ქართული ოცნების” , “ძლიერი სოფლის” და “სამართლიანობის” მიერ იქნა ინიცირებული სულ 12 საკითხი. ფრაქციის თავმჯდომარეებს ანაზღაურების სახით აღებული აქვთ 218 666 ლარი. თვითმმართველი ქალაქი თელავის საკრებულოში 2 ფრაქცია ფუნქციონირებს და არცერთის მხრიდან არ ყოფილა ინიცირებული საკითხები. ანაზღაურების სახით კი ჯამში აღებული აქვთ 23 905 ლარი. 
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” მიერ მოხდა 2 საკითხის ინიცირება, რომელსაც საკრებულომ დაუჭირა მხარი. ფრაქციების თავმჯდომარეებს ანაზღაურების სახით აღებული აქვთ 187 710 ლარი. 
სიღნაღის საკრებულოში კი 6 ფრაქციაა. შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხი, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 176 843 ლარი.
არცერთი საკითხის ინიცირება არ მომხდარა საგარეჯოს საკრებულოშიც, სადაც 8 ფრაქციაა, ხოლო ანაზღაურების სახით ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 259 200 ლარი. ყვარლის საკრებულოში 7 ფრაქცია ფუნქციონირებს და აქაც იგივე მდგომაროებაა, რაც შეეხება ანაზღაურებას, ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 247 504 ლარი. 
ახმეტის საკრებულოში 9 ფრაქცია ფუნქციონირებს და შექმნის დღიდან არც ერთი ფრაქციის მიერ არ ყოფილა ინიცირებული საკითხები, ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 262 305 ლარი. 
და ბოლოს, ლაგოდეხის საკრებულოში 9 ფრაქციიდანაც არც ერთი საკითხის ინიცირება არ მომხდარა. ანაზღაურების სახით კი ფრაქციის თავმჯდომარეებს აღებული აქვთ 199 305,3 ლარი,’’– განუცხადა knews.ge-ს ზურა მირზიკაშვილმა.
მირზიკაშვილი მოქმედ თვითმმართველობის კოდექსზეც საუბრობს და აცხადებს, რომ კანონმდებლობით, საკრებულოებს ფრაქციების რაოდენობის ზღვარი არა აქვთ დაწესებული. ფრაქციის შექმნისა და საქმიანობის წესი, მისი უფლებამოსილება კი განისაზღვრება საკრებულოს დებულებით, რაც უმეტეს შემთხვევაში ზოგადი ხასიათისაა და ფრაქციის თავმჯდომარესა და მის წევრს არ უწესებს რაიმე სახის განსაკუთრებულ ვალდებულებებს.
,,მნიშვნელოვანია, რომ ფრაქციის და მისი თავმჯდომარის აქტივობები გარკვეული სარგებლის მომტანი იყოს შესაბამისი თვითმმართველობისათვის, იგი მიმართული უნდა იყოს მუნიციპალიტეტის საქმიანობის გაუმჯობესებაზე, მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზრდაზე, რათა ფრაქციის და მისი თავმჯდომარის მიერ გაწეული საქმიანობა სრულ შესაბამისობაში იყოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გაწეულ ხარჯებთან,’’– განუცხადა Knews.ge-ს ზურა მირზიკაშვილმა.