ახალი ამბები

სოფელ ბაკურციხის კულტურის სახლი სექტემბერში გაიხსნება

როგორც გამგეობაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოები გასული წლიდან დაიწყო. 
პროექტი „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის“ დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 1მლნ 945 000 ლარია.
,,ადგილობრივი თემის ახალი კომფორტული კულტურის სახლის შენობით უზრუნველყოფა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს არსებულ პირობებს, კერძოდ, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ინტერესის გაზრდას განათლებასა და ფიზიკური აქტივობების მიმართ. რეაბილიტაციის შემდეგ, კულტურის სახლი გამოყენებული იქნება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებებისათვის”, – განაცხადა knews.ge-ს გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია გერგიძემ. 
პროექტის ფარგლებში მოეწყობა საკონცერტო, საექსპოზიციო, სპორტული და საკონფერენციო დარბაზები. გამგეობის ინფორმაციით, ახლო მომავალში გაიხსნება სამრევლო სკოლა, სადაც მოსწავლეები შეისწავლიან მართლმადიდებლური ეკლესიის და რელიგიის ისტორიას, წიგნის მკითხველობას, გალობას, ხატწერას, მინანქრის ხელოვნებას, ხალხურ რეწვას, ჭედვას და ა.შ. 
შეგახსენებთ, რომ ბაკურციხის კულტურის სახლი 1982 წელს გაიხსნა, თუმცა ის 20 წელზე მეტია აღარ ფუნქციონირებს.