ახალი ამბები

“საკრებულოს შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და თელავში საარჩევნო ბანერები განთავსდეს”

ახალმა პოლიტილურმა ცენტრმა გირჩმა წინასაარჩევნო პლაკატების გამოყენების ნაცვლად ბანერების განთავსების ინიციატივით ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინა კვირას მიმართა. ინიციატივა გირჩის თელავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს ვახტანგ მოსიაშვილს (ტორესა მოსის) ეკუთვნის.
როგორც knews.ge-ს მოსიაშვილმა განუცხადა, მიუხედავად იმისა, რომ საკრებულომ საარჩევნო პლაკატების გასაკრავად ადგილები უკვე გამოყო, წარმომადგენლობით ორგანოს ამ გადაწყვეტილების შეცვლა შეუძლია. 
„მე ვთვლი, რომ საკრებულოს შეუძლია შეცვალოს გადაწყვეტილება და თელავში საარჩევნო პლაკატების ნაცვლად საარჩევნო ბანერები განთავსდეს იმ შემთხვევაში, თუ ამის სურვილი სხვა პოლიტიკურ პარტიებსაც ექნებათ. ვფიქრობ რთული არ არის ბანერებისთვის ადგილების გამოყოფა, ხოლო ეს პრაქტიკა საკმაოდ ინოვაციური და პრეცედენტული იქნება”, – განუცხადა knews.ge-ს ტორესა მოსიმ
მესამე სექტორი დადებითად აფასებს ახალი პოლიტიკური ცენტრის ინიციატივას. როგორც knews.ge-ს არასამთავრობო ორგანიზაციის “თელავი ჩემი ქალაქია” დამფუძნებელმა თამარ ლაზარიაშვილმა განუცხადა, წინასაარჩევნო პლაკატები არჩევნების შემდეგ ხანგრძლივი დროის განმავლობაში რჩება კედლებზე, რაც ქალაქის იერსახეს ამახინჯებს. 
“მივესალმებით ტორესა მოსის იდეას, რადგან ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაციის მისიას სწორედ თელავის განვითარება და მის იერსახეზე ზრუნვა წარმოადგენს. ჩვენ მზად ვართ, შევხვდეთ სხვა პოლიტიკურ პარტიებს და მათი აზრიც მოვისმინოთ ბანერების საკითხთან დაკავშირებით”, – აღნიშნა თამარ ლაზარიაშვილმა
ქალაქ თელავის საკრებულოს თავმჯდომარის არჩილ თხლაშიძის განცხადებით, საარჩევნო ბანერები ქალაქში არ განთავსდება, რადგან წარმომადგენლობითმა ორგანომ განსაზღვრა იმ შენობა-ნაგებობების ნუსხა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალების გაკვრა შეუძლიათ.
“წინასაარჩევნოდ პლაკატების განთავსების წესები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. აქედან გამომდინარე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომლის შეცვლაც ამ ეტაპისთვის შეუძლებელია, რადგან ყველაფერს თავისი ვადები აქვს. ბანერების იდეაზე მსჯელობა მომდევნო არჩევნებისთვის უკვე შესაძლებელი იქნება”, – განუცხადა knews.ge-ს არჩილ თხლაშიძემ