ახალი ამბები

ძლიერი წვიმის შედეგად ალავერდის მონასტრის ნაწილი დაიტბორა (Photos)

როგორც knews.ge-ს ალავერდის მონასტერში მოღვაწე სქიმღვდელმონაზონმა იოსებმა განუცხადა, ძლიერმა წვიმამ დატბორა ალავერდის ტაძრის ჩრდილოეთის მხარე და მონასტრამდე მისასვლელი გზა. წყლით არის დაფარული ტაძრის საძირკველი. 
„წვიმა შემოვიდა ალავერდის მონასტრის შიგნით. წყლის ნაკადმა გაარღვია გაბიონი, მდინარე გადმოვიდა და მონასტერშიც შემოვიდა. მთლიანად დაიტბორა ჩრდილოეთის მხარე, რომელიც ყველაზე დაბალია. აქ რამდენიმე წლის წინ არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. ეს ადგილი მოიცავს იმ ნაწილს, რომელიც არის VI საუკუნის ტაძარი და ღირსი მამა იოსებ ალავერდელის დროინდელი. წყალმა შეაღწია VI და XI საუკუნის ტაძრის საერთო კედელშიც, სადაც ღირსი მამის საფლავია. ღვარცოფის მონადენ ტალახნარევ წყალშია ღირსი მამის საფლავი. დატბორილია მონასტრამდე მისასვლელი გზაც. საფრთხე დიდია, რადგან გაბიონი, რომელიც მდინარის ნაპირს ამაგრებდა, გაირღვა. თუ იქნება უხვი ნალექი, იგივე განმეორდება და შესაძლოა უარესი შედეგიც მივიღოთ, რადგან კედელი დაირღვა“, – განუცხადა knews.ge-ს სქიმმღვდელმონაზონმა იოსებმა. 
ორი მდინარის ადიდების შედეგად სოფელ ალავერდსა და ქისტაურში ვენახები, სიმინდის ნათესები და ბოსტნეულიც დაზიანდა. 
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბექა ბაიდაურის განცხადებით, სპეციალური კომისია სტიქიისაგან მიყენებულ ზარალს შეისწავლის და სარეზერვო ფონდიდან თანხა გამოიყოფა. 
„ზარალის ოდენობა ხვალ გვეცოდინება. პირველ ეტაპზე სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა 15 000 ლარი, რომელიც მოხმარდება ალავერდის მონასტრის ეზოს მოწესრიგებას. სასწრაფოდ აღდგება გაბიონი, რომლის გარღვევის შედეგად მონასტერში შევიდა წყალი. სტიქიისაგან მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად კიდევ დამატებით გამოიყოფა თანხა“, – განუცხადა knews.ge-ს ბექა ბაიდაურმა.

ალავერდის მონასტერში მოღვაწე მონაზონი გერასიმეს ფოტოები.