ახალი ამბები

ახმეტის N2 სკოლის მოსწავლემ ამერიკაში სკოლა წარჩინებით დაამთავრა

მან ამერიკული უმაღლესი სკოლა (High school) წარჩინებით დაამთავრა. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, თურქიაშვილი საატესტატო გამოცდებისგან გათავისუფლდა.
“Flex-ის გაცვლითი პროგრამით ერთი წლის განმავლობაში სასწავლებლად ვიყავი ამერიკაში. ამერიკულმა უმაღლესი სკოლამ, სადაც მე ვსწავლობდი, გადმომცა მწვანე დიპლომი. ამერიკაში ყველა სკოლას აქვს თავის ფერი და დიპლომის ყდის ფერიც ზუსტად იგივეა. აღსანიშნავია, რომ ამერიკული სკოლა გაცვლითი პროგრამის კურსდამთავრებულებზე ძალიან იშვიათად გაცემს დიპლომს. ჩემთვის მწვანე დიპლომის გადმოცემა განაპირობა მაღალმა აკადემიურმა მოსწრებამ. საქართველოში დაბრუნების შემდეგ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ იქ მიღებული ჩემი შეფასებები აღიარა და საატესტატო გამოცდებისგან გამათავისუფლა”, – განუცახადა knews.ge-ს ანანო თურქიაშვილმა. 
ახმეტის N2 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულის განმარტებით, მას შესაძლებლობა აქვს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობა არ მიიღოს და გახდეს ნებისმიერი საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი, თუმცა, ამ შემთხვევაში, თურქიაშვილს სახელმწიფო აღარ დააფინანსებს. 
“მე შემიძლია ერთიან ეროვნულ გამოცედბზეც აღარ გავიდე და ნებისმიერ ფაკულტეტზე ჩავირიცხო, მაგრამ სახელმწიფო სრული დაფინანსების მოპოვების მიზნით გამოცდებს აუცილებლად ჩავაბარებ”, – აღნიშნა თურქიაშვილმა. 
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ოცდაერთი წელია რაც ხორციელდება. პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. 2015-2016 აკადემიური წლისათვის ”FLEX” პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს 50-მდე ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობას, აშშ-ში და უკან სრულად აფინანსებს ამერიკის მთავრობა. პროგრამა ქართველი მოსწავლეებისათვის, ასევე, ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. 
”FLEX” პროგრამის ფინალისტებს არჩევს ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შედგება განათლების დარგში ამერიკელი სპეციალისტებისაგან. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.