ახალი ამბები

თავდაცვის სამინისტრომ ჯარში სავალდებულო გაწვევა გააუქმა

შესაბამის ბრძანებას დღეს თინათინ ხიდაშელმა ჟურნალისტების წინაშე მოაწერა ხელი. მინისტრის განცხადებით, ქვეყანას არ სჭირდება ისეთი სამხედრო მოსამსახურე, რომელიც იძულებით იქნება შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში. 
“შეიარაღებულ ძალებზე არის ძალიან მაღალი მოთხოვნა, შეიარაღებულ ძალებში სამსახური პრესტიჟულია საქართველოში და არავის არ სჭირდება დაძალება, რომ გახდეს თავისი ქვეყნის ჯარისკაცი. უამრავი საუბარია იმაზე, რომ ჯარში წვევამდელები მონურ შრომას ექვემდებარებიან, უსაფუძვლოა, მაგრამ მაინც, ჩვენ ამის უფლებას ვერ მივცემთ და არ უნდა ვაძლევდეთ საკუთარ თავს, არ უნდა შევურაცხყოფდეთ შეიარაღებულ ძალებს და სწორედ ამიტომ, დავდე პირობა, რომ ყველაფერს გავაკეთებდი, რომ 2017 წლიდან გაწვევა ჯარში აღარ არსებობდეს”, – განაცხადა თინა ხიდაშელმა.
მისივე განმარტებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მოთხოვნაზე უარი არ ნიშნავს სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას, რადგან იმავე მოთხოვნაზე უარს არ ამბობენ შსს და სასჯელაღსრულების სამინისტრო. დღეისათვის 18-დან 27 წლამდე პირების ჯარში გაწვევის კურატორი რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შექმნილი სპეციალური დეპარტამენტია. წვევამდელების გაწვევა წელიწადში ორჯერ ხორციელდება და შემდეგ ისინი ნაწილდებიან შეიარაღებულ ძალებში, სასჯელაღსრულების სამინისტროს სისტემასა და შსს-ს გასამხედროებულ უწყებებში, თუმცა დღეიდან წვევამდელები აღარ გადანაწილდებიან შეიარაღებულ ძალებში. 2015 წლის საშემოდგომო გაწვევისას სულ სამხედრო სავალდებულო-სამსახურში შსს-ს კვოტით 1350 ადამიანი გაიწვიეს, სასჯელაღსრულების კვოტით – 998, ხოლო თავდაცვის უწყების კვოტით – 1050.