ახალი ამბები

სახელმწიფოს მხრიდან სურსათის უვნებლობის რეგულირება გასამკაცრებელია

შეხვედრას ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
ანგარიშის პრეზენტაციაზე, საუბარი შეეხო სურსათის უვნებლობის კუთხით არსებულ იმ პრობლემებს, რომლებიც ხელს უშლის სახელმწიფო რეფორმების განხორციელებას. 
პროგრამის მენეჯერის, ვახტანგ კოპალაძეს განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს სურსათის უვნებლობის სფეროში არსებული პრობლემები. 
მისივე თქმით, ,,ევროპის ფონდის“ მისიაა, პრაქტიკული პროგრამების განხორციელების მეშვეობით საშუალება მისცეს მოქალაქეს ზეგავლენა მოახდინოს ცვლილებებზე სოციალური სამართლიანობისა და ეკონომიკური აღმშენებლობისთვის, რათა გაუმჯობესდეს მათი და მათ გარშემომყოფთა ცხოვრება.
,,ევროპის ფონდი ყოველწლიურად ახდენს ამ კუთხით სახელმწიფო საქმიანობის შეფასებას. სურსათის უვნებლობა არის თემა, რომელიც ყველა ადამიანისთვის არის აქტუალური და უშუალოდ ეხება ჩვენს ჯანმრთელობას. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ სათანადო დონეზე მოაწესრიგოს ეს საკითხი და აკონტროლოს სურსათის უვნებლობა, იმისათვის რომ მომხმარებლები ვიყოთ დაცული. ჩვენი ფონდი ამ ანგარიშის პრეზენტაციას სხვადასხვა ქალაქებში აწყობს. ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება ბევრმა ადამიანმა გაიგოს იმ პრობლემების თაობაზე რაც არის ამ სფეროში და თავისი წვლილი შეძლებისდაგვარად შეიტანოს მათ მოგვარებაში,”- განუცხადა Knews.ge-ს ვახტანგ კოპალაძემ.
ღონისძიება ევროკავშირისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა.