ახალი ამბები

საკრებულოებში ქალთა რაოდენობის გაზრდის მიზნით პარლამენტს ინიციატივა წარედგინა

დეპუტატებმა მანანა კობახიძემ და გუგული მაღრაძემ მოამზადეს პროექტი, რომლის მიხედვით, პარტია 30%-იან დანამატს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ საარჩევნო სიის ყოველ სამეულში განსხვავებული სქესის ერთი კანდიდატი მაინც ეყოლება წარმოდგენილი.ცვლილებების განხორციელება “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში იგეგმება და ის პარლამენტში უკვე ინიცირებულია.

აღნიშნული კანონი გენდერული კვოტების დაცვის შემთხვევაში, პარტიების ფინანსურ წახალისებას ახლაც ითვალისწინებს. მოქმედი კანონით, დაფინანსების მიმღები პარტია საბაზისო დაფინანსებაზე 30%-იან დანამატს იმ შემთხვევაში იღებს, თუკი პარტიული სიის ყოველ ათეულში ერთიმეორისგან განსხვავებული სქესი სულ მცირე 30%-ით არის წარმოდგენილი”, – განაცხადა კანონპროექტის ავტორმა მანანა კობახიძემ.

კანონმდებლების განმარტებით, აღნიშნული ნორმის მიუხედავად, როგორც ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო, ისე ადგილობრივი თვითმმარველობის ორგანოებში ქალთა რაოდენობა მცირეა. თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრთან არსებული გენდერული თანასწორობის კლუბის წევრების განცხადებით, ქალებს უნდა მიეცეთ საშუალება, გააქტიურდნენ და ქვეყნის მართვაში მიიღონ მონაწილეობა. 
,,დღეს საქართველოში ქალები არ ვმონაწილეობთ ქვეყნის მართვაში. ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, რადგან არ ვართ საარჩევნო სიებში. პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას”,- განუცხადა Knews.ge-ს თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის კოორდინატორმა მაია ფურცხვანიძემ.