ახალი ამბები

პარლამენტის დეპუტატებს ქალთა ორგანიზაციებმა წერილით მიმართეს

9 ივნისს პარლამენტის ყველა დეპუტატს წერილი მიუვიდა. წერილის ავტორები ქალთა საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, რომლებიც დეპუტატებს კიდევ ერთხელ მოუწოდებენ მხარი დაუჭირონ სავალდებულო გენდერული კვოტორების შემოღების შესახებ პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტს. წერილები პარლამენტში „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების სახელით ორგანიზაციამ „ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“ შეიტანა.

„ჩვენ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფი მივიჩნევთ, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტს ეძლევა ისტორიული შანსი, საფუძველი ჩაუყაროს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას და ისტორიაში შევიდეს იმ მოწვევის პარლამენტის სახელით, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საქართველოს მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად“, – ნათქვამია წერილში.

უმრავლესობის დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია, განსაზღვროს ის დამატებითი სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტში პროპორციული წესით ასარჩევ კანდიდატებს შორის გენდერული ბალანსის უზრუნველყოფას და ასევე საქართველოს სახელმწიფოს მიერ ნაკისრი იმ საერთაშორიოს ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც გულისხმობენ სახელმწიფოს მხრიდან სქესთა შორის თანასწორობის უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საკანონმდებლო სივრცის მოწესრიგებას. წინადადება პირველი მოსმენით უკვე განიხილა პარალამენტმა.

„პატივცემულო დეპუტატებო, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი, როგორც კანონმდებლების, უფლებამოსილება და მიიღოთ საზოგადოების და სახელმწიფის განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში სამართლიანობის უზრუნველყოფას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას“ – ვკითხულობთ წერილში.

იხილეთ წერილის სრული ტექსტი:

პოლიტიკური მონაწილეობის ხელშემწყობი საკანონმდებლო ინიციატივის მხარდამჭერი წერილი

პატივცემულო დეპუტატებო,
ჩვენ, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფი მივიჩნევთ, რომ 2012 წლის მოწვევის პარლამენტს ეძლევა ისტორიული შანსი, საფუძველი ჩაუყაროს ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებას და ისტორიაში შევიდეს იმ მოწვევის პარალამენტის სახელით, რომელმაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღი საქართველოს მიერ გენდერული თანასწორობის მიღწევის კუთხით აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად. 
აღნიშნულის მიღწევა შესაძლებელი გახდება, პარლამენტის მიერ პარლამენტში წარდგენილი იმ საკანონმდებლო ინიციატივის მხარდაჭერით, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების შემოღების მიზნით, „საქართველოს კანონში პოლიტიკური გაერთიანების შესახებ“ და „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების განხორციელებას ითვალისწინებს. 
როგორც საქართველოში უკანასკნელ წლებში ჩატარებული არჩევნების შედეგები მოწმობს, წარმომადგენლობით ორგანოებში ქალთა რაოდენობა მინიმალურია და ვერ ასახავს გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით არსებულ მოთხოვნებს. 
გენდერული დისბალანსი საფუძველს ქმნის, საკანონმდებლო დონეზე განხორციელდეს ისეთი ცვლილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას. 
წარმომადგენლობით ორგანოებში გენდერული თანასწორობის დაცვის ხელშეწყობასა და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის გაძლიერებასთან დაკავშირებით არაერთ საერთაშორისო პაქტსა და რეკომენდაციაში არის მითითებული. (გაეროს კონვენციები ‘’ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის თაობაზე’’ (CEDAW)“ და ‘’ქალთა პოლიტიკური უფლებების შესახებ’’ კონვენცია; სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; პეკინის დეკლარაცია და სამოქმედო პლატფორმა; გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის მიერ მიღებული რეკომენდაცია#25.) 
აღნიშნული საერთაშორისო აქტები გენდერული თანასწორობის რეალური და ფაქტობრივი უზრუნველყოფის თვალსაზრისით დასაშვებად მიიჩნევენ ცალკეული დროებითი ღონისძიების გატარებას. კერძოდ, CEDAW კონვენციის მე-4 მუხლის მიხედვით, „მონაწილე სახელმწიფოების მიერ დროებითი სპეციალური ზომის ანუ კვოტირების მიღება, რომლის მიზანია მამაკაცთა და ქალთა ფაქტობრივი თანასწორობის დამყარების დაჩქარება არ ითვლება დისკრიმინაციულად თუ იგი არ იწვევს არათანასწორუფლებიანი ან დიფერენცირებული სტანდარტების შენარჩუნებას. ეს არის დროებითი სპეციალური ზომა, რომელიც შესაძლებელია გაუქმდეს მხოლოდ მიზნის მიღწევის შემდეგ, ანუ როცა მიღწეული იქნება თანაბარი ხელმისაწვდომობა თანასწორ შესაძლებლობებზე, თანასწორობის და თანასწორუფლებიანი ურთიერთობის მიზნით’’.
ასევე მნიშვნელოვანია ეუთოს მისიის (OSCE/ODIHR) მიერ საქართველოში 2010 წლის 30 მაისს გამართული ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების თაობაზე შემუშავებული საბოლოო რეკომენდაციები, რომლის 27-ე პუნქტის მიხედვით, ხელისუფლება უნდა დგამდეს აქტიურ ნაბიჯებს არჩეულ თანამდებობებზე ქალთა და მამაკაცთა თანაბარი წარმომადგენლობის მნიშვნელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად.
პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატების მიერ წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, განსაზღვროს ის დამატებითი სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტში პროპორციული წესით ასარჩევ კანდიდატებს შორის გენდერული ბალანსის უზრუნველყოფას, რაც საბოლოოდ მოახდენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში გენდერული თანასწორობის თვალსაზრისით არსებული უთანასწორობის დაძლევას და შესაბამისად, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის გაზრდას. 
კანონპროექტის მიღება ასევე ხელს შეუწყობს საქართველოს სახელმწიფოს მიერ 1994 წელს CEDAW კონვენციის რატიფიცირებით და ყოველგვარი დათქმის გარეშე მასზე მიერთებით ნაკისრი იმ ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც გულისხმობენ სახელმწიფოს მხრიდან სქესთა შორის თანასწორობის უზრუნველყოფისათვის სხვადასხვა ღონისძიებების გატარებას, მათ შორის საკანონმდებლო სივრცის მოწესრიგებას. 
პატივცემულო დეპუტატებო, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის“ სამუშაო ჯგუფის და ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების წარმომადგენლები მოგიწოდებენ გამოიყენოთ თქვენი, როგორც კანონმდებლების, უფლებამოსილება და მიიღოთ საზოგადოების და სახელმწიფის განვითარებისათვის ისეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება ქვეყანაში სამართლიანობის უზრუნველყოფას და დემოკრატიული ფასეულობების დამკვიდრებას.

პატივისცემით, ქალთა და გენდერულ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციები:
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ 
„ქალთა საინფორმაციო ცენტრი“
„გენდერული სამართლიანობა“
კავშირი „საფარი“
„გენდერული თანასწორობის ქსელი“
„ჟურნალისტთა ქსელი გენდერული თანასწორობისათვის“
„ევროპელი ქალების საერთო მომავლისათვის – საქართველო“
იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“
„კონფლიქტების და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევითი ცენტრი“
„ქართველ და გერმანელ ქალთა განათლებისა და ინფორმაციის საერთაშორისო ცენტრი“ 
„ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის რესურს ცენტრი“