ახალი ამბები

თელავის ხევის რეაბილიტაციაზე 1 939 000 ლარი დაიხარჯება

პროექტი მიზნად ისახავს ხევის ამორტიზებული და დანგრეული რკინაბეტონის ფსკერისა და კედლების აღდგენას.
როგორც knews.ge-ს თელავის მერმა, პლატონ კალმახელიძემ განუცხადა, ხევის კალაპოტის სარეაბილიტაციო სამუშაოები ორ მონაკვეთზე განხორციელდება.
,,აღნიშნული პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდში თელავის მერიამ წარადგინა და მხოლოდ დონორისგან, ევრიპოს საინვესტიციო ბანკიდან ველოდებით დასტურს, რომ დაიწყოს სამუშაოები. პროექტი სრულყოფილია და მისი განხორციელება ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”- განუცხადა Knews.ge-ს პლატონ კალმახელიძემ.
თელავის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, გიორგი კიკნაძის განმარტებით, პროექტის ფარგლებში ხევის 1400 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განხორციელდება. 
,,გასულ წელს თელავის ხევის კალაპოტის ნაწილობრივი რეაბილიტაცია განხორციელდა, ეს იყო 800 მეტრიანი მონაკვეთი. ეს პროექტი კი მოიცავს თელავის ხევის დარჩენილი ნაწილის რეაბილიტაციას. დაგეგმილია აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე სამანქანო ხიდიდან ილია ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ხიდამდე 336 მეტრი მონაკვეთის და თელავის ხევის დარეგულირებული კალაპოტიდან გოგებაშვილისა და ბახტრიონის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ ხიდამდე 1002 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში გამოიცვლება ხევის დაზიანებული ბეტონის ფსკერი და ჩაესხმება ახალი ფილა. სარეაბილიტაციო სამუშაოები 6 თვე გაგრძელდება,”- განუცხადა knews.ge-ს გიორგი კიკნაძემ.