ახალი ამბები

იორმუღანლოში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

თეა წულუკიანის განცხადებით, საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, რომელიც მნიშვნელოვნად ზოგავს ადგილობრივი მოსახლეობის დროსა და ფინანსებს.
მისივე თქმით, სოფლის მოსახლეობა 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სექტორის სერვისით ისარგებლებს. 
,,იორმუღანლოს საზოგადოებრივი ცენტრი არა მარტო ამ სოფელში მცხოვრებ 6 000-მდე მომხმარებელს, არამედ მიმდებარე სოფლების − დუზაგრამის, ზემო და ქვემო ლამბალოს, თულარისა და კაზლარის მაცხოვრებლებსაც მოემსახურება. დღემდე მათ დოკუმენტაციის მოსაწესრიგებლად და სახელმწიფო სერვისების მისაღებად საგარეჯოს ტერიტორიულ სამსახურში მისვლა და 35 კილომეტრის გავლა უწევდათ. ახლადგახსნილი საზოგადოებრივი ცენტრი მოსახლეობას დროისა და თანხების დაზოგვის საშუალებას მისცემს: ადგილობრივები მარტივად შეძლებენ დაბადების მოწმობისა და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებას; ქონების, მიწის რეგისტრაციას და სხვა. სახელმწიფო სერვისების გარდა, ადგილობრივები საზოგადოებრივ ცენტრში ისარგებლებენ „ლიბერთი ბანკისა“ და „მაგთიკომის“ მომსახურებითაც”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
სოფელ იორმუღანლოს საზოგადოებრივ ცენტრში იმუშავებს უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები და ვიდეოკონფერენციის აპარატურა. აქვე განთავსებულია ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი საკონფერენციო დარბაზით სარგებლობა ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსაც შეეძლებათ.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნის შემდეგ იუსტიციის მინისტრმა წარადგინა ადგილობრივ ახალგაზრდა მოხალისეთა ჯგუფი, რომლებიც ახალი პროექტის ფარგლებში საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მომხმარებლებს მომსახურების სფეროში დახმარებას გაუწევენ. ახალ პროექტს სახელწოდებით − „ვარ საზოგადოებრივი ცენტრის მოხალისე“ − მიმდინარე წელს სოფელ ხრეითში ჩაეყარა საფუძველი. პროექტი განხორციელდება ყველა იმ სოფელში, სადაც საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, მოხალისეებად უფროსკლასელები იმუშავებენ და საზოგადოებრივ ცენტრში მისულ მოქალაქეებს დახმარებას გაუწევენ ინტერნეტის მეშვეობით ინფორმაციის მოპოვებაში, ტექსტის აკრეფაში, ბიბლიოთეკაში სხვადასხვა ელექტრონული თუ მატერიალურად არსებული წიგნის მოძიებაში, სკაიპის პროგრამით სარგებლობაში. მოხალისეებს საშუალება ექნებათ, გუნდურად მოიფიქრონ და განახორციელონ მათთვის თუ თანატოლებისთვის საინტერესო აქტივობები, გამართონ დისკუსიები.

თეა წულუკიანის უწყების ცნობით, პროექტის მიზანია, საშუალება მისცეს ადგილობრივ უფროსი კლასის მოსწავლეებს, გამოიმუშაონ თანამედროვე გარემოში საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ-ჩვევები, შეძლონ საკუთარი იდეების რეალიზება და ახალ გამოწვევებთან გამკლავება, გაითავისონ კონკურენციის პირობებში მუშაობის, იდეების გენერირებისა და მათი ეფექტიანად განხორციელების უნარები.