ახალი ამბები

კახეთის სოფლებში წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობას ითხოვენ

ადგილობრივების თქმით, აღნიშნული სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობდა, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო შეჩერდა.
მოსახლეობა სამუშაოების დასრულებას ითხოვს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მელიორაციის სამსახურს უყურადღებობაში ადანაშაულებს.
როგორც Knews.ge-ს სოფელ ბაკურციხის მაცხოვრებლებმა განუცხადეს, სარწყავი სისტემის არარსებობის გამო წელს ისინი ვენახების მორწყვას და მოსავლის მოყვანას ვერ შეძლებენ.
,,მუშაობდნენ, მილები ჩაალაგეს, მაგრამ სამუშაოები არ დაუსრულებიათ. დატოვეს საქმე ნახევრად გაკეთებული და წავიდნენ. მიზეზი რა არის არ ვიცით, მაგრამ თუ დროულად არ დამთავრდება სამუშაოები, ცუდ დღეში აღმოვჩნდებით. ვენახს და ხეხილის ბაღებს მორწყვა სჭირდება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსავალს ვერ მივიღებთ. არადა მის მოვლაში უკვე დიდი თანხა გვაქვს დახარჯული. ზოგმა ბანკიდან აიღო სესხი, რომ ვენახი შეეწამლა. ვთხოვთ ყველას მოგვხედონ,”- აცხადებს სოფელ ბაკურციხის მოსახლეობა. 
როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქართველოს მელიორაციის სამსახურში განუცხადეს, წვეთოვანი სარწყავი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს ხანში განახლდება. უწყების ინფორმაციით, სამუშაოების შეჩერების მიზეზი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დაკავშირებული პრობლემებია.
,,სამუშაოების არაჯეროვნად შესრულების გამო ჩვენ შევწყვიტეთ ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს ,,გრანდთან”. საქართველოს მელიორაციამ გადაწყვიტა, რომ საკუთარი ძალებით გააგრძელოს სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გადმობარება. შეფასდება უკვე განხორციელებული სამუშაოებისა და პროექტის გასაგრძელებლად საჭირო სამუშაოების მოცულობა. ამის შემდეგ გაგრძელდება სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები”, – განუცხადეს „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს მელიორაციის სამსახურში.
უწყების ცნობით, აღნიშნულ სამუშაოებზე სოფელ ბაკურციხეში 1 326 000 ლარი, ხოლო ვაქირში 529 000 ლარი დაიხარჯება.