ახალი ამბები

ყვარლის გამგეობა ,,ნაციონალური მოძრაობის’’ ბრალდებებს პასუხობს

გამგეობაში აცხადებენ, რომ პარკის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხი არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ ბრალდება უსაფუძვლოა და სიმართლეს არ შეესაბამება.
ილია მზექალაშვილის უწყების ცნობით, პარკის ტერიტორიაზე 7 ხე მოიჭრება და მის სანაცვლოდ 20 ხე დაირგვება. აღნიშნული პარკს რეაბილიტაცია კი მოსახლეობის მოთხოვნით უტარდება. შინმოუსვლელთა სკვერის რეაბილიტაცია 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და სამუშაოებზე 748 235 ლარი დაიხარჯება.
,, ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის ტურიზმის განვითარება ერთ-ერთ პრიორიტეტულ სფეროდ მიიჩნევა. ბოლო დროს მკვეთრად გაზრდილია ვიზიტორთა რაოდენობა, რასაც ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს. ამიტომ მნიშვნელოვნად მიგვაჩნია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყე-პარკის რეაბილიტაცია-მოწყობა. ახლანდელი მდგომარეობით კი სრულიად უფუნქციოა და ვერ ასრულებს თავის დანიშნულებას. რაც შეეხება მიმდინარე რეაბილიტაციის პირობებში მოჭრილი ხეების მდგომარეობას, ის შესწავლილი და შეფასებულია სპეციალისტების მიერ. მოჭრილია დაზიანებული ხეები. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება ხუთი თვის ვადაში, რის შემდეგაც ქალაქ ყვარელს შეემატება კიდევ ერთი, კეთილმოწყობილი ტყე-პარკი, სადაც განთავსებული იქნება: ბუნგალო, შეღებილი სარბენი და შიდა ბილიკები, ჩოგბურთის მოედანი, ბეტონის მოედანი მინი-მატარებლისთვის, ბეტონის მოედანი კარუსელისთვის, ორძელები და სხვადასხვა სახის ატრაქციონი’’, – განაცხადეს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივმა მოსახლეობამ და პარტია ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათი მტკიცებით, ხელისუფლება საბიუჯეტო სახსრებს არამიზნობრივად ხარჯავს. ისინი ფიქრობენ, რომ 748 235 ლარი ხელისუფლებამ არა ატრაქციონების მოწყობაში, არამედ რაიონში სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად უნდა დახარჯოს.