ახალი ამბები

ქალაქ თელავის საკრებულოს წევრი ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების’’ წინააღმდეგ

წყალმომარაგებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნიკოლოზ ვარდოშვილმა ბრიფინგი ჩაატარა და აღნიშნა, რომ კომპანია დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს. ნიკოლოზ ვარდოშვილის განცხადებით, გარდა იმისა, რომ ქალაქის მოსახლეობას დღეში წყალი 2 საათით მიეწოდება, ისინი სხვა ქალაქებთან და მუნიციპალიტეტებთან შედარებით გაზრდილ გადასახადსაც იხდიან. საკრებულოს წევრისვე თქმით, აღნიშნული გრაფიკის გამო სისტემის მილები იჟანგება, ადგილობრივებამდე კი სასმელად უვარგისი წყალი მიდის. 
,,მაინტერესებს რატომ არის თბილისში წყლის გადასახადი ერთ კუბურ მეტრზე 27 თეთრი და თელავში 50 თეთრი, თელავის მოსახლეობას უფრო მეტი შემოსავალი აქვს? თბილისში არის 24 საათიანი წყალმომარაგება და აქვთ ცოტა გადასახადი, თელაველებს კი 2 საათიან გრაფიკში ახდევინებენ თითქმის ორჯერ მეტს. ,,გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია’’ რატომ გვახდევინებს ტექნიკურ წყალში სასმელი წყლის საფასურს? აღნიშნულ კომპანიაში ამ საკითხთან დაკავშირებით განაცხადებენ, რომ წყლის ხარისხი მოწმდება, რაშიც ვეთანხმები, თუმცა მოწმდება მხოლოდ წყლის სათავეზე. როდესაც ონკანზე წყალი დღეში 2 საათით მოგვეწოდება, სხვა პრობლემები იქმნება. მოგეხსენებათ, ქალაქ თელავის წყალგაყვანილობა გასულ საუკუნეში გაკეთდა. როდესაც წყალი არ მოდის, მილების ჟანგდება, ჭუჭყი და ნაგავი ილექება. როგორ იქნება ეს წყალი სასმელად ვარგისი, რომელიც ამ მილების გავლით მიეწოდება მოსახლეობას? ვთხოვ შესაბამის სამსახურებსა და ენერგოომუდსმენის აპარატს, რომ სასწრაფოდ დაინტერესდეს ამ საკითხით და წყალმომარაგების კომპანიის საქმიანობით. აღნიშნული კომპანიის თანამშრომლები ქალაქში წყლის დავალიანების გადაუხდელობის გამო მოსახლეობას ერთ-ერთი საარსებო საშუალების, წყლის მილების გადაჭრით ემუქრებიან,’’- განუცხადა knews.ge-ს ნიკოლოზ ვარდოშვილმა.