ახალი ამბები

ლაგოდეხში 5 წლის ბავშვი ადუღებული წყლის ქვაბში ჩავარდა

მოზარდს სხეულის თორმეტ პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნება.
ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევამდე თონეში ქვაბით ცეცხლი აადუღეს. მოზარდმა თონეზე გადაფარებულ ფიცრებზე გადაირბინა და ადუღებული წყლის ქვაბში ჩავარდა, თუმცა ცეცხლი უკვე ჩამქრალი იყო.
იაშვილის სახელობის თერმული დაზიანებისა და აღდგენითი პლასტიკური ქირურგიის ხელმძღვანელის გუგა ქაშიბაძის განცხადებით, პაციენტი კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული და მას საოპერაციოდ ამზადებენ. მისი თქმით, 5 წლის მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
„პაციენტი ჩვენს კლინიკაში კახეთიდან რეანომობილით ჩამოიყვანეს. კლინიკაში შემოყვანისას 5 წლის ბიჭს სხეულის 12-პროცენტიანი დამწვრობა აღენიშნებოდა. მას დამწვარი ჰქონდა ქვედა კიდურების ტერფები, წვივები, ბარძაყები და მარჯვენა დუნდულოს კუნთი, რის შედეგადაც მიღებული ჰქონდა მე-3 (ა) და (ბ) ხარისხის დამწვრობა. პაციენტს ვამზადებთ ქირურგიული ოპერაციისთვის, რომელიც, სავარაუდოდ, ხვალისთვის ჩატარდება. მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება“, – აცხადებს ქაშიბაძე.