ახალი ამბები

კახელმა ბიზნესმენმა ღვინო და ჩურჩხელა გერმანიის ბაზარზე გაიტანა

კახელი ბიზნესმენის წარმოებული ღვინო ბერლინის პრესტიჟულ მაღაზიებში 11 ევროდ იყიდება.
ხაზიურმა პირველ ეტაპზე 16 000 ბოთლი ღვინო და 5 000 ჩურჩხელა გაიტანა. კომპანია შპს ,,ფაფრის მინდვრები’’ სოფელ ახაშენში მდებარეობს.
,,2006 წლიდან ვაწარმოებ 6 სახეობის ღვინოს. რაც შეეხება გერმანიის ბაზარს, იქ სამი სახეობის ღვინო: თეთრი წინანდალი, წითელი მშრალი მუკუზანი და წითელი ნახევრადტკბილი ახაშენი გავაგზავნეთ. ქართული ღვინო გერმანიაში 11 ევროდ იყიდება, ჩვენ კი 5 -6 ევროდ ვაბარებთ. ჩურჩხელას კი 3 ევროდ ვაბარებთ. პროდუქციის ექსპორტის საკითხიც მოვაგვარეთ. გერმანიაში ჩემი უმცროსი ბიჭი ცხოვრობს და საქმიანობს. მას იქ საკუთარი ფირმა აქვს გახსნილი და მან მოიპოვა საჭირო ლიცენზია ყველანაირი სპირტიანი სასმელისა და პროდუქტების გატანაზე მთელს ევროპაში. მინდა აღვნიშნო, რომ გერმანიაში ლიცენზიის მოპოვება ძალიან რთულია. ბიზნესმენს უნდა ჰქონდეს კომპანია გახსნილი და ქონებას უნდა ფლობდე. ჩვენ ეს ყველაფერი უკვე გვაქვს. ჰამბურგში, პორტთან ახლოს, 700 კვადრატული მიწა გვაქვს საკუთრებაში,’’- განუცხადა Knews.ge-ს გია ხაზიურმა.
ბიზნესმენმა გერმანიაში ღვინის გასაგზავნად სესხის ასაღებად ყველა ბანკს არაერთხელ მიმართა, თუმცა საფინანსო ორგანიზაციები კრედიტის გაცემაზე უარს ეუბნებიან. 
,,სანამ ღვინოს გასაყიდად გავგზავნიდით, აქ ქართულ ბანკებს სესხისთვის მივმართეთ. აქაურმა ბანკებმა არანაირი დაფინანსება არ მოგვცეს, მაგრამ მაინც შევძელით და გავიტანეთ ღვინო. ამ მხრივ თითქმის ყველა ბანკში დიდი ბიუროკრატიაა. ასეთ წარმატებულ კომპანიას რომ ფულს არ მისცემენ სხვას ვის დაეხმარებიან. 3 წელიწადში თითქმის 500 000 ლარი ბიუჯეტში გადავრიცხე და მაინც არ დამაფინანსეს’’, – განუცხადა Knews.ge-ს ბიზნესმენმა.
გია ხაზიური პროდუქციის ექსპორტის გარდა, ერთ თვეში, ბერლინში, ორი ქართული რესტორნის გახსნას გეგმავს.
,,ივნისის თვეში ბერლინში იქ ორ საკუთარ რესტორანს ვხსნით და ვაპირებთ მთელ კომპლექსურ ბიზნესსაქმიანობას. გარდა ამისა, ჩემი მეორე შვილი ამერიკაში ცხოვრობს და იქაც ვგეგმავთ ბიზნესის დაწყებას’’, – აღნიშნა ხაზიურმა.