სტატიები

პროპაგანდასთან ბრძოლის ხერხები

ტექნოლოგიურმა განვითარებამ კიდევ უფრო გაზარდა ადამიანის ინფორმაციაზე დამოკიდებულების ხარისხი. დღეს უკვე არავის უჩნდება შეკითხვა, რაში სჭირდება სწორი და გადამოწმებული ინფორმაცია, რადგან ყველამ ვიცით, რომ ინფორმაციის სიზუსტე მნიშვნელოვანია, როგორც გლობალური გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე, ნებისმიერი საყოფაცხოვრებო საქმიანობის წარმართვის პროცესში. მაქსიმალური ზიანის მოყენება შეუძლია უცხო ქვეყნის შესაბამისი სტრუქტურების მიერ წარმოებულ პროპაგანდისტულ საქმიანობას, რომლის წინააღმდეგ თითოეული ბრძოლა, თითოეული ჩვენგანისთვის დადებითი შედეგების მომტანია. პროპაგანდასთან დაპირისპირების ყველაზე საუკეთესო მეთოდს კი, მოსახლეობის ინფორმირება წარმოადგენს. იბადება კითხვა, როგორ გავარჩიოთ, როდის გვაქვს საქმე პროპაგანდასთან და როდის ხდება ჩვენი ინფორმირება პროპაგანდისგან დასაცავად?

_ სანდო და ანონიმური წყაროები

გადაამოწმეთ სანდო წყაროსთან _ აღნიშნული ხერხი გულისხმობს მოსმენილი ან წაკითხული ინფორმაციის დაზუსტებას  სანდო, შესაბამისი ცოდნისა და განათლების მქონე ადამიანებთან. რაც მეტ წყაროსთან გადაამოწმებთ ინფორმაციას, მით მეტად იქნებით დაცული. თუ თქვენ წაიკითხავთ, რომ პენსია ან ხელფასი იზრდება ამის საუკეთესო გადამოწმების გზა სოციალური დახმარების ან ხელფასის გამცემი ორგანოს თანამშრომელია, რომელიც არ მოგცემთ ცრუ დაპირებას და შეეცდება არ შეგიყვანოთ შეცდომაში.

არ ენდოთ ანონიმურ წყაროებს _ პროპაგანდისტთა ერთ-ერთ საყვარელ მეთოდს წარმოადგენს ინფორმაციის იმგვარი გავრცელება, როცა მოცემული ფაქტების და ცნობების დასადასტურებლად იყენებენ ეგრეთწოდებულ ავტორიტეტულ წყაროებს, მაგალითად: „მეცნიერებმა კვლევების საფუძველზე დაადგინეს, რომ…„ავტორიტეტულმა ექსპერტებმა განაცხადეს… მთავრობასთან დაახლოებულმა წყარომ გვაცნობა…“ და ა.შ.  თუმცა, შემდეგ სტატიის კითხვისას აღმოვაჩენთ, რომ არსად არის მითითებული თუ ვინ არიან ეს „მეცნიერები“ ან როდის და რომელი ორგანიზაციის დაკვეთით ჩაატარეს „კვლევა, არ ჩანს თუ ვინ არის ავტორიტეტული „ექსპერტი“ და აქვს თუ არა მას ის კვალიფიკაცია და ცოდნა, რაც კონკრეტულ სფეროში მიმდინარე პროცესების შეფასებას ესაჭიროება. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გავრცელებული ინფორმაციის 98% სწორედ პროპაგანდის ნიმუშია და ასეთი ინფორმაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება კარგს არაფერს მოგვიტანს.

 

დავით ძიძიშვილი

თავდაცვის დაგეგმვისა და პოლიტიკის დეპარტამენტი

 

მომზადებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 
სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის მიერ
ტელ: +995(32) 2 72 35 35;  
ელფოსტა: [email protected] ;
ვებგვერდი: mod.gov.ge