ვიდეორეპორტაჟი

კოლეჯი „აისი“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამას იწყებს

პროექტი მიზნად ისახავს კოლეჯში მასწავლებელთა განვითარების ხელშეწყობის პრაქტიკის, მასწავლებელთა კლუბის „წინსვლა“ საქმიანობის გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის და პედაგოგთა უწყვეტი განვითარების მექანიზმების დანერგვას ადგილობრივ დონეზე დამსაქმებლებთან ურთიერთობის გაღრმავებით.
ღონისძიების ფარგლებში კოლეჯისა და მასწავლებელთა კლუბის წარმომადგენლებმა პროექტის შესახებ, მის შედეგებსა და სამომავლო გეგმებზე პრეზენტაციები წარმოადგინეს.
პროექტი დაფინანსებულია ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მიერ, ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული მეორე 140 მილიონი აშშ დოლარის კომპაქტის ფარგლებში და მისი მიზანია კოლეჯში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების წახალისება.
,, პროექტის პოტენციური გუნდი ვფიქრობდით, რომ კარგი პრაქტიკის მოდელი შეგვეთავაზებინა დონორებისთვის, რადგან ჩვენ გვაქვს კარგი პტაქტიკის რამდენიმე წარმატებული მოდელი. გადავწყვიტეთ, ეს ყოფილიყო მასწავლებელთა პროფესიული განათლების კლუბი ,,წინსვლა’’ და ამას ჰქონდა თავისი მიზეზი. საქართელოს პროფესიული განათლების რეფორმის 2013-2020 წლების სტრატეგიაში გაწერილია 7 შედეგი, რომელზედაც ეს სტრატეგია თავისი მიზნებით და პრიორიტეტებით უნდა გავიდეს, და აქედან სწორედ ერთ-ერთი მასწავლებელთა უწყვეტი პროფესიული განვითარებაა. ამასთანავე ჩვენი პროექტის აქტივობები ისეა დალაგებული, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარება უწყვეტ კავშირშია დამსაქმებელთან ურთიერთობის გაღრმავების და გაძლიერების კუთხით. შესაბამისად ვეხმაურებით სტრატეგიის კიდევ ერთ შედეგს, რომელიც გულისხმობს სოციალური პარტნიორობის თანაბარ და სრულ მონაწილეობას პროფესიული განათლების სექტორის მართვაში’’, – განაცხადა პროექტის დირექტორმა თინათინ ხანჯალიაშვილმა. 
საგრანტო კონკურსის ფარგლებში გაიცა 7 გრანტი, რომელიც ითცვალისწინებს პროფესიული განათლების სექტორში დამსაქმებლის მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკის განვითარებას.
პროექტი „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პრაქტიკა“ საზოგადოებრივ კოლეჯ „აისში“ ხორციელდება ათასწლეულის გამოწვევის ფონდი – საქართველოს „პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის“ (ISWD) პროექტის პროფესიული განათლების სექტორში ინდუსტრიის მონაწილეობის ხელშეწყობის საგრანტო კონკურსის ფარგლებში.
,,გრანტი ითვალისწინებს პროფესიული განათლების სექტორში დამსაქმებლის მონაწილეობის საუკეთესო პრაქტიკის განვითარებას, ასევე საგანმანათლებლო პროფესიული დაწესებულებების ინსტიტუციონალურ განვითარებას, რომელშიც იგულისხმება როგორც მასწავლებელთა კომპეტენციის გაზრდა ასევე ინოვაციური სწავლების მეთოდის შემოღება,’’- განაცხადა ათასწლეულის განვითარების ფონდის პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის პროექტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა თათია ხუბულავამ.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განვითარების დეპარტამენტის პოლიტიკის სამმართველოს უფროსის, თამარ სამხარაძის განმარტებით, პროექტის ძირითად ამოცანებს წარმოადგენს კოლეჯში მასწავლებელთა განვითარების კარგი პრაქტიკის გაცნობა სხვა კოლეჯებისთვის, მეთოდისტ და ლიდერ მასწავლებელთა გადამზადება კლუბის წევრ მასწავლებელთა უწყვეტი განვითარების ხელშეწყობის გზით და ადგილობრივ დონეზე რეგიონის მასშტაბით დამსაქმებლებთან ურთიერთობის გაღრმავება პედაგოგებისათვის პროფესიული უნარ-ჩვევების პრაქტიკაში დახვეწის კუთხით.
,,მასწავლებელთა პროფესიული განვითარება არის ის თემა, რომელიც კოლეჯმა ამ საგრანტო კონკურსის განაცხადში წარმოადგინა. მიმდინარე რეფორმის ფონზე ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. ამდენად იმედი გვაქვს, რომ კოლეჯის მიერ დაგეგმილი ღონისძიება, რომელიც ემსახურება მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, იქნება მხარდაჭერილი, როგორც ამ პროექტის ფარგლებში, ასევე მის გარეშეც’’, – აღნიშნა თამარ სამხარაძემ.
მასწავლებელთა კლუბი ,,წინსვლა’’ საზოგადოებრივ კოლეჯ ,,აისში’’ 2012 წელს ადგილობრივი ინიციატივით დაარსდა. კლუბის საქმიანობაში აქტიურადაა ჩართული კოლეჯის კაჭრეთის, დედოფლისწყაროსა და ქვემო ალვანის განყოფილების 57 მასწავლებელი. სასწავლო პროცესისა და სასწავლო პრაქტიკის მენეჯერის ქეთევან დანელიშვილის განცხადებით, კლუბის მიზანია, ხელი შეუწყოს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებას, კარიერულ წინსვლას, შემოქმედებითი აზროვნების განვითარებასა და სასწავლო პროცესის გაუმჯობესებას.
,,კლუბის შექმნის იდეა გამოიწვია იმან, რომ საჭირო იყო მასწავლებელთა პროფესიული განვითარება, მათი კარიერული წინსვლა და ამავე დროს შემოქმედებითი აზროვნების განვითარებაც. თუ მათ მიერ ჩატარებულ გაკვეთილებში არ იქნება შემოქმედებითობაც ჩადებული, მაშინ ეს არ იქნებოდა წარმატებული გაკვეთილები და ბუნებრივია ეს აისახებოდა სტუდენტთა ცოდნაზეც’’,- განაცხადა ქეთევან დანელიშვილმა.
მასწავლებელთა კლუბის წევრები ფიქრობენ, რომ აღნიშნული პროგრამა მათ კარიერულ წინსვლას შეუწყობს ხელს. პროგრამა კოლეჯში მომუშავე პედაგოგებს თვითგანვითარებაში დაეხმარება.
,,ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ვიყავი დამწყები მასწავლებელი და ამ პროექტში ჩართვამ ბევრი ცოდნა და გამოცდილება შემძინა. მასწავლებლებს აკლიათ გამოცდილება და ამ პროგრამის გამხორციელებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, რომ ჩამოვყალიბებულიყავით როგორც მასწავლებლები, გვემუშავა მოსწავლეებთან, შეგვესწავლა სილაბუსების, ყოველდღიური გეგმების წერა და სხვა.’’
პროექტის ფარგლებში მასწავლებლებს ჩაუტარდებათ 7 ტრენინგი, რომელიც შედეგზე ორიენტირებული გაკვეთილის გეგმებისა და სასწავლო მასალების, პროექტების, სტუდენტთა მიღწევების შეფასების პროცესსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს.