ვიდეორეპორტაჟი

დაბერებული სოფელი თავწყარო

მას შემდეგ, რაც თავწყაროს საჯარო სკოლა დაიხურა, სოფლიდან ახალგაზრდების მასობრივი მიგრაცია შეინიშნება. ამჟამად დასახლებაში საბავშვო ბაღი და სამედიცინო დაწესებულებაც არ ფუნქციონირებს. სოფელში შემორჩენილი 100 მდე მაცხოვრებელი იძულებულია, თავშესაფარი სხვაგან ეძებოს. რაიონული ცენტრიდან 20 კილომეტრით დაცილებულ დასახლებამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტიც არ მოძრაობს. უახლოეს მაღაზიამდე მისასვლელად ადგილობრივებს დაახლოებით 15 კილომეტრის გავლა ხშირად ფეხით უწევთ. სოფელში რომ XXI საუკუნეა, მხოლოდ ელექტროენერგიის არსებობით მიხვდებით. თავწყაროელებს ყოველდღიურად არსებობისთვის უწევთ ბრძოლა. ისინი ძირითადად მეცხოველეობით ირჩენენ თავს.

,, ახალგაზრდობას აქ რა გააჩერებს? ვისაც შვილები ჰყავთ, ბაღი და სკოლა სჭირდებათ და აქ არ არის ეს დაწესებულებები. ვინ გაჩერდება აქ? ზოგი რაიონში წავიდა, ზოგი ქალაქში, ზოგიც კიდევ საზღვარგარეთ. დავრჩით მარტო პენსიონერები. სასაფლაო უფრო მეტია სოფელში, ვიდრე მოსახლე და ოჯახი. სულ ცარიელია სახლები, ალბათ 30 ოჯახი იქნება დარჩენილი და ისინიც მეცხოველეობით და სოფლის მეურნეობით ირჩენენ თავს. მოგვყვავს ლობიო და კარტფილი. როცა გვალვაა, ვერ ვრწყავთ ადგილებს და ვრჩებით მოსავალის გარეშე’’,–აცხადებს თავწყაროს მკვიდრმა მარუსა ზარიძემ.

სოფელში ბუნებრივი აირის, სასურსათო მაღაზიის, აფთიაქისა და ამბულატორიის არსებობა მოსახლეობისათვის წლებია რაც აუხდენელ ოცნებად იქცა. სოფელთან მისასვლელი და შიდა საუბნო დაზიანებული გზებიც ადგილობრივი ხელისუფლების აქილევსის ქუსლად იქცა.

,,კარგი სოფელი იყო თავის დროზე, ახლა კი გზა არ არის, ბაღი, სკოლა, მაღაზია, აფთიაქი, არანაირი გასართობი საშუალება არ არსებობს და არაფერი აღარ ფუნქციონირებს. ჩემი შვილიც და რძალიც წავიდნენ აქედან. ასე დაიცალა სოფელი’’,– ამბობს თავწყაროს უხუცესი მკვიდრი ჟენია წიკლაური.

თავწყაროსა და ოზაანში დედოფლისწყაროს გამგებლის წარმომადგენელი, არონ მოსულიშვილი ამბობს, რომ სოფელი ძირითადად დასახლებული იყო მთიდან ჩამოსახლებული შერეული ოჯახებით, რომელთა დიდ ნაწილს თრიალეთის ქედიდან, კასპის, გორის და დუშეთის რაიონებიდან ჩამოსული ოსი და ქართველი ეროვნების მოსახლეობა წარმოადგენდა.

მოსულიშვილი სოფლიდან აფგილობრივების გადინებაზე საუბრობს და მიუთითებს, რომ წლების წინ სოფელი მჭიდროდ იყო დასახლებული, ახლა კი მხოლოდ 36 ოჯახი ცხოვრობს.

,,აქ მთიდან ჩამოსახლებული შერეული ოჯახები ცხოვრობდნენ. სოფელი მაშინ დაიცალა, როცა აქედან ოსები წავიდნენ, ამ პროცესს ხელი შეუწყო 2007 წელს დაწყებითი სკოლის დაკეტვამაც. ოჯახებს ბავშვები სკოლაში ყოველდღე უნდა ეტარებინათ სოფელ გამარჯვებაში ან დედოფლისწყაროში, რაც ძალიან ძნელი იყო. ამ დროისთის სოფელში 36 ოჯახიღაა დარჩენილი. ჩვენც ვცდილობთ, მათ ყოფა შევუმსუბუქოთ და რაც შეგვიძლია ის პრობლემები მოვუგვაროთ”, –აღნიშნავს არონ მოსულიშვილი.

თავწყაროში გამგებლის წარმომადგენელის თანაშემწე თეიმურაზ აფციაური აცხადებს, რომ ბოლო წლებში, სოფლის პროგრამის ფარგლებში, გარეგანათების გარკვეული ნაწილი მოწესრიგდა, თუმცა სოფელი მოსახლეობისგან მაინც იცლება.

,,სოფელს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. გარდა ამისა, საძოვრები კარგი გვაქვს. თუ შრომა არ ეზარება ადამიანს, აქაც იცხოვრებს. პრობლემაა ის, რომ ახალგაზრდობისთვის პირობები არ გვაქვს. სოფელი პატარაა, თან დაცლის პირას არის მისული და ბევრი რამ არ გვაქვს. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვცდილობთ, ვიმუშავოთ პრობლემების მოსაგვარებლად. სამომავლოდ ვაპირებთ ტრენაჟორების ოთახის გახსნას, ასევე გვინდა წყლის დებეტის გასაზრდელად შესაბამისი სამუშაოები განვახორციელოთ სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში. გარდა ამისა, მოწესრიგებულია გარეგანათება და იმედი გვაქვს, ბუნებრივი აირის პრობლემაც მოგვარდება’’,– აცხადებს თეიმურაზ აფციაური.

იმისთვის, რომ სოფელში დარჩენილმა ახალგაზრდებმაც საცხოვრებელი სახლების დატოვებაზე არ იფიქრონ, ადგილობრივები თვითმმართველობას ერთი მხრივ ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას და მეორე მხრივ დასაქმების პრობლემის მოგვარებას სთხოვენ. თავწყაროელების მტკიცებით, დაბერების წინაშე მდგარ სოფელს გეოგრაფიული მდებარეობიდან და ისტორიიდან გამომდინარე განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.