ახალი ამბები

ფლექსის გაცვლითი პროგრამით კახეთიდან ამერიკაში სასწავლებლად 5 მოსწავლე წავა

როგორც knews.ge-ს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნატა ასათიანმა განუცხადა, ვაშინგტონის დამოუკიდებელმა კომისიამ კახეთიდან შეარჩია 5 მოსწავლე, რომელიც ერთი წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში სასწავლებლად წავა. 
„თელავიდან შეარჩიეს 2 მოსწავლე, ახმეტიდან – 2, ხოლო გურჯაანიდან კი – 1. ისინი მიმდინარე წლის ზაფხულში გაემგზავრებიან ამერიკის შეერთებულ შტატებში და საქართველოში 2017 წლის ზაფხულში დაბრუნდებიან“, – განუცხადა knews.ge-ს ნატა ასათიანმა. 
მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ოცდაერთი წელია რაც ხორციელდება. პროგრამას ადმინისტრირებას უწევს საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები. 2015-2016 აკადემიური წლისათვის ”FLEX” პროგრამის ფარგლებში შეარჩიეს 50-მდე ფინალისტი. გამარჯვებულების მგზავრობას, აშშ-ში და უკან, სრულად აფინანსებს ამერიკის მთავრობა. პროგრამა ქართველი მოსწავლეებისათვის, ასევე, ითვალისწინებს ყოველთვიურ სტიპენდიასა და ჯანმრთელობის დაზღვევას. აშშ-ში ყოფნისას პროგრამის მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახურ ცხოვრებაში და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის გზით.
”FLEX” პროგრამის ფინალისტებს არჩევს ვაშინგტონის დამოუკიდებელი კომისია, რომელიც შედგება განათლების დარგში ამერიკელი სპეციალისტებისაგან. შერჩევის პროცესი დაფუძნებულია კონკურსზე. კონკურსი კომპლექსურია და განისაზღვრება წერილობით შევსებული ანკეტის, რეკომენდაციების, ინგლისური ენის ცოდნის დონისა და კანდიდატის მიერ გამომჟღავნებული ერთწლიანი გაცვლითი გამოცდილებისათვის მზადყოფნის საფუძველზე.
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებს, რომელთაც ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში, არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.

 

“FLEX”-ის გაცვლით პროგრამაში გამარჯვებული თელავის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ირინა ბიწკინაშვილი