ახალი ამბები

ყვარელში ერთი წლის ბავშვის გარდაცვალებაში ექიმებს ადანაშაულებენ

გარდაცვლილის მამის, გია ნაცვლიშვილის განცხადებით, 29 მარტს ბავშვი შეუძლოდ გახდა, რის გამოც გადაიყვანეს ყვარლის რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც 3 აპრილამდე მკურნალობდნენ. მისი თქმით, ექიმებმა რამდენიმე დღეში ბავშვი საავადმყოფოდან გაწერეს დასკვნით, რომ მას მკურნალობა აღარ სჭირდებოდა. ნაცვლიშვილის ინფორმაციით, სამედიცინო პერსონალი ბავშვს საავადმყოფოში ყოფნის დროსაც არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. 
საინფორმაციო სააგენტო “ინტერპრესნიუსის” ცნობით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახლში გართულდა, საავადმყოფოში ხელახლა 9 აპრილს მოათავსეს, შემდეგ კი სამკურნალოდ გადაიყვანეს თბილისში, სადაც ის გარდაიცვალა.
,,ექიმებმა ბავშვს დიაგნოზი ვერ დაუსვეს და მხოლოდ დიმედროლს უკეთებდნენ, რაც გვგონია, რომ საჭირო არ იყო. უახლოეს მომავალში მივმართავთ ჯანდაცვის სამინისტროს, რათა აღნიშნული ფაქტი გამოიძიოს”,– განაცხადა გია ნაცვლიშვილმა.