ახალი ამბები

პროტესტის მეორე დღე ყვარელში – “საძოვრის მეპატრონეს შენობას გადავუწვამთ”

,,იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, საძოვრის მეპატრონეს შენობა-ნაგებობის გადავუწვამთ”, – განაცხადეს ადგილობრივებმა.
დღეს პროტესტის ნიშნად სოფელ კუჭატანის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი ჩაიშალა. აქციაზე მოსახლეობა მცირეწლოვან ბავშვებთან ერთად მივიდა. შეგახსენებთ, რომ გუშინ სოფელ კუჭატანში მოსახლეობამ 37 ჰა საძოვრის ფარულად გასხვისება გააპროტესტა. 
ადგილობრივებმა, რომლებმაც კერძო მეპატრონეს გაყიდული საძოვრის უკან დაბრუნება მოსთხოვეს, ტერიტორია საკუთარი ძალით დაიკავეს. მათ საძოვარზე შემოვლებული ღობე დაანგრიეს და სარგებლობა აუკრძალეს მეპატრონეს, რომელმაც მოსახლეობასთან მოლაპარაკების გამართვაზე უარი განაცხადა. ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კი აცხადებენ, რომ კერძო მესაკუთრესთან მოლაპარაკება ვერც მათ შეძლეს.
,,37 ჰექტარი მიწა ფარულად გასხვისდა. ჩვენ მოვიგეთ დავა სასამართლოშიც, თუმცა მფლობელმა მიწის დაბრუნება მაინც შეძლო და მის დათმობას არც ფულადი გარიგების შემთხვევაში აპირებს. რითი შევინახოთ ოჯახები, რომ ეს საძოვარიც არ დაგვიტოტონ სარგებლობაში. ეს ერთი ადამიანი ბატონი გახდა სოფელში. ერთი კაცის ყმები უნდა ვიყოთ?”, – განაცხადა სოფელ კუჭატანში მცხოვრებმა მანანა ეფემიაშვილმა.