ახალი ამბები

330 პრაქტიკოსს უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიანიჭა

როგორც knews.ge-ს განათლების სამინისტროში განუცხადეს, ქვეყანაში უკვე 16 339 უფროსი მასწავლებელია. თამარ სანიკის უწყების ცნობით, სქემაში განაწილებულ 6200 პრაქტიკოს მასწავლებელს ჩაბარებული აქვს პროფესიული უნარების გამოცდა. საგნის გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ისინი უფროსი მასწავლებლები გახდებიან.
„სქემის ფარგლებში, გარდამავალი დებულებით, განსაზღვრულია ყველა იმ მასწავლებლის კარიერაში დაწინაურება, რომელთაც პროფესიული უნარების ტესტი ჩაბარებული ჰქონდათ. სქემის ამოქმედების შემდეგ, ისინი, ვინც წარმატებით ჩააბარა საგნის გამოცდა, გაუთანაბრდნენ სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსს და სქემაში განაწილების ეტაპზე, უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ“, – განუცხადეს knews.ge-ს განათლების სამინისტროში. 
მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის სქემის დანერგვა მიმდინარე წლის სექტემბრიდან დაიწყო. განათლების სამინისტროში განმარტავენ, რომ მასწავლებელთა პროფესიული ორიენტაციისა და კარიერული წინსვლის ახალ სქემაში ჩართვით, განისაზღვრა პედაგოგთა პროფესიული განვითარების გზა, რაც პირდაპირ ბმაშია შრომით ანაზღაურებასთან, ზრდის მასწავლებელთა მოტივაციას, რომ ყველა საფეხური გაიარონ და უმაღლეს საფეხურამდე ავიდნენ. 
„მასწავლებლის შეფასება სკოლაში ხდება, რაც სკოლის პრესტიჟს ზრდის და შეფასების იმ კომპონენტის დანერგვას ემსახურება, რასაც სკოლა წლების განმავლობაში მოკლებული იყო. მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემა აღმოჩნდა წარმატებული ინსტრუმენტი მასწავლებლებისათვის პროფესიული განვითარების მოტივაციის გასაზრდელად“, – აღნიშნეს სამინისტროში.