ახალი ამბები

სოფელ დუისში საირიგაციო არხის რეაბილიტაცია დასრულდა

დანელიას ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაციამ დუისის ტერიტორიაზე არხის 2 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია განახორციელა. პროექტის ფარგლებში მოეწყო სათავე ნაგებობა და სარეგულაციო ფარი. ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2016 წელს, სოფელ დუისში, 70 ჰექტარი მიწა მოირწყვება.
„ჩვენთვის პრიორიტეტულია საზღვრისპირა და მაღალმთიანი სოფლების ხელშეწყობა. რამდენიმე დღის წინ, პანკისის ხეობის მოსახლეობასთან შეხვედრისას, სარწყავი წყლის პრობლემა წამოიჭრა, ჩვენ სამუშაოები ჩავატარეთ და დღეს არხში წყალი უკვე გაეშვა. პანკისის ხეობაში სოფლის მეურნეობის კუთხით ძალიან დიდი რესურსია და შესაძლებელია საინტერესო პროექტების განხორციელება. ხეობაში სამელიორაციო პროექტების განხორციელება ეტაპობრივად გაგრძელდება. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი დაინტერესებაა ახალგაზრდების მხრიდან და ვეცდებით, მათთვის საინტერესო პროექტები განვახორციელოთ“, – განაცხადა ოთარ დანელიამ. 
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „საქართველოს მელიორაციამ“ კახეთის რეგიონში 2012 წლიდან დღემდე სამელირაციო ინფრასტრუქტურის 25 სარეაბილიტაციო პროექტი დაასრულა. ახმეტის მუნიციპალიტეტში 3 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. ოთარ დანელიას უწყების ცნობით, ჩატარებული სარეაბილიტაციო სამუშაოების შედეგად, 2012 წლიდან დღემდე, წყალუზრუნველყოფილი მიწის ფართობი კახეთის რეგიონში 6 000 ჰექტრიდან 13 600 ჰექტრამდე გაიზარდა.