ახალი ამბები

თელავში სამხატვრო გალერეის მშენებლობაზე 4 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება

თელავის მერიის ცნობით, გალერეის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე 4 154 ათასი ლარი დაიხარჯება. კულტურის სამსახურის უფროსის ფიქრია ყუშიტაშვილის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ,,ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა დასრულება მიმდინარე წლის შემოდგომაზეა გათვალისწინებული. არსებული შენობის სამხრეთ-აღმოსავლეთით აშენდება ცალკე შემინული ნაგებობა, სადაც განთავსდება გალერეა. ასეთი გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც მუზეუმის შენობის პროექტით გათვალისწინებული ფართი განსათავსებელი ობიექტებისათვის არასაკმარისი აღმოჩნდა. რაც შეეხება თავად გალავნის შიგნით დარჩენილ ტერიტორიას, იქ წარმოდგენილი იქნება მეფის რესტავრირებული სასახლე, ფონდსაცავი და საექსპოზიციო დარბაზები”, – განუცხადა knews.ge-ს ფიქრია ყუშიტაშვილმა.

ქალაქის მერის პლატონ კალმახელიძის განცხადებით, გალერეა ოქტომბერში გაიხსენება. ,,ამჟამად სამუშაოების 45% უკვე შესრულებულია. გვინდა, რომ გალერეა იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელსაც ბევრი ევროპული ქალაქი ინატრებდა,” – განაცხადა პლატონ კალმახელიძემ.