ახალი ამბები

თელავის მერიამ მუსიკალური კონკურსი გამოაცხადა

ნამუშევრებს მოწვეული კომპეტენტური ჟიური შეაფასებს.
,,გამარჯვებული სიმღერის საპრიზო ფონდია 7 000 ლარი. აქედან 1 000 ლარი გადაეცემა ტექსტის ავტორს, 1 000 ლარი მუსიკის ავტორს, ხოლო 5 000 ლარი განკუთვნილია სიმღერის აუდიოვერსიის ჩასაწერად. კონკურსის ყველა მონაწილე მიიღებს სიგელს და სამახსოვრო საჩუქარს.
მოწვეული სტუმრები არიან ადგილობრივი ხელისუფლების, უნივერსიტეტის, კოლეჯის, საგანმანათლებლო რესურსცენტრის, საჯარო სკოლების, მუსიკალური საგანმანათლებო დაწესებულებების, სამოქალაქო სექტორისა და თელავის ინტელიგენციის წარმომადგენლები”, – განუცხადა knews.ge-ს კულტურის სამსახურის უგროსმა ფიქრია ყუშიტაშვილმა. 
კონკურსი ქალაქ თელავის მერიის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ტარდება. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მოქალაქეს. თითოეულმა კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაწარმოები. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს: განმცხადებლის გვარი, სახელი, მისამართი და საკონტაქტო ინფორმაცია.
განცხადებების მიღება დღეს დაიწყო და 20 მაისის ჩათვლით გასტანს. 
“კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადები უნდა წარმოადგინონ ერეკლე II-ის გამზირი #16, კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურში, ან ელექტრონულ მისამართზე: telavis-kulturissamsaxuri@mail.ru.
საკონკურსო განაცხადი უნდა იყოს წარმოდგენილი შემდეგი სახით: სიმღერის ტექსტი დაბეჭდილი უნდა იყოს A4 ფორმატის ფურცელზე, ბეჭდური სახით ან ელექტრონულ ფორმატით (შრიფტი sylfaen, ზომა 12), ხოლო მუსიკა წარმოდგენილი უნდა იყოს ნოტებით, აგრეთვე აუდიოვერსიის სახით. საკონტაქტო ტელეფონი: 0350 27 23 08″, – განაცხადეს თელავის მერიაში.